Thumbnail

ტრანსფერები | იუვე დე ლიხტის გადაბირებას ჩქარობს - ახალი შეთავაზება აიაქსს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსმა აიაქსს დე ლიხტის სანაცვლოდ უკეთესი წინადადებით მიმართა
  • ტურინელებს 19 წლის მცველის ტრანსფერის გაფორმება ამ კვირაშივე სურთ

ტურინის იუვენტუსი ამსტერდამის აიაქსის ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის გადაბირებისთვის მოლაპარაკებებს აგრძელებს. De Telegraaf-ის ცნობით, ბიანკონერიმ ჰოლანდიურ კლუბს 19 წლის ფეხბურთელის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. 

ტურინელები მზად არიან, ტრანსფერში 67 მილიონ ევრო გადაიხადონ და საქმე მაქსიმალურად სწრაფად დაასრულონ, რათა დე ლიხტი აიაქსს ავსტრიულ შეკრებაზე აღარ გაჰყვეს და უკვე 13 ივლისს, ის იუვენტუსის გულშემატკივრებს წარუდგინონ.

19 წლის დე ლიხტს ჰოლანდიის ნაკრებში უკვე 17 მატჩი აქვს ჩატარებული

მანამდე იწერებოდა, რომ იტალიური კლუბი აიაქსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს, პლუს 20 მილიონს ბონუსების სახით სთავაზობდა, მაგრამ ამსტერდამელები 75 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ამავდროულად, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დე ლიხტის ტრანსფერით ინტერესდებიან ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი.

გასულ სეზონში მატეის დე ლიხტმა აიაქსის მაისურით ყველა ტურნირის 55 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი და გუნდს ერედივიზიისა და ჰოლანდიის თასის მოგებაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. 

transfermakt.de დე ლიხტის სატრანსფერო ფასად 75 მილიონ ევროდ ასახელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები