Thumbnail

'მეტოქეს პატივს ვცემთ, განწყობა კი ოპტიმისტურია' - ფელის ვისენტე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 11 ივლისი | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო თბ. (საქართველო) V ენგორდანი (ანდორა)
  • ფელის ვისენტემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა

11 ივლისს, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის დინამო ანდორულ ენგორდანს დაუპირისპირდება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. დინამომ წინასამატჩო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

ვისენტე: ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გავიდეთ მომდევნო ეტაპზე. თითოეული ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის.

რა იქნება პროგრამა მინიმუმი პირველ შეხვედრაში და მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, აქედანვე ხომ არ ფიქრობთ უკვე მომდევნო ეტაპზე?

ვისენტე: მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყიბილნი და ამიტომ, ჯერჯერობით მომდევნო ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. იმედი მაქვს, რომ კარს მშრალად შევინახავთ და თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. 

ახალი ფეხბურთელები თუ ითამაშებენ ანდორული გუნდის წინააღმდეგ?

ვისენტე: ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოთ, თუმცა დღეს სასტარტო თერთმეტეულს ვერ დავასახელებ. არ მინდა რომ მეტოქეს თუნდაც პატარა პრივილეგია მივანიჭო.

ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებაში რა ამოცანა აქვს დინამოს?

ვისენტე: ყოველ მომდევნო მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებული. ასე რომ, დღეს მხოლოდ უახლოეს შეხვედრაზე ვფიქრობთ.

ლევან შენგელია (დინამო თბილისი):

“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შეხვედრაში ვცდილობთ რომ კარი მშრალად შევინახოთ, მაგრამ თუ გოლს გავუშვებთ, ეს არ იქნება ტრაგედია. ვეცდებით სოლიდური ანგარიშით მოვიგოთ რომ განმეორებითი მატჩის წინ, კომფორტული ფორა გვქონდეს. რაც შეეხება მეტოქე გუნდის შეუფასებლობას, ეს გამორიცხულია. როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბოლომდე უნდა დაიხარჯო”.

თბილისის დინამოს წინასამატჩო ვარჯიში

ფელის ვისენტეს შემდეგ, პრესკონფერენცია ენგორდანის მთავარმა მწვრთნელმა, ფელიპე გუსტომ გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს მოკლედ უპასუხა...

"მოხარულები ვართ, რომ ასეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. კარგია რომ ასეთ დონეზე თამაშის საშუალება გვექნება. სამწუხაროდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია. მეტოქე აშკარა ფავორიტია, ჩვენი მიზანი კი იქნება რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შევუქმნათ მეტოქეს. იქნებ, პირველ შეხვედრაში გადავურჩეთ მარცხს და შემდეგ, საკუთარ მოედანზე უფრო მეტი შანსი გვექნება. აქვე აღვნიშნავ, რომ თბილისმა ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კერძებიც ძალიან გემრიელია. საქართველოს და ანდორას შორის კარგი სპორტული კავშირებია, თქვენი კალათბურთელებიც თამაშობენ ჩვენთან და ამიტომ, უცხო ქვეყანაში არ ჩამოვსულვართ". - განაცხადა ფელიპე გუსტომ. 

კომენტარები

ბოლო ამბები