Thumbnail
  • შერიფი 0:3 საბურთალო
  • საქართველოს ჩემპიონი ევროასპარეზზე ბრწყინვალედ წარსდგა
  • ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლში მეტოქეს უშანსოდ მოუგო  

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა საბურთალომ ევროასპარეზზე სადებიუტო მატჩი გამართა და ისტორია ბრწყინვალე და სენსაციური გამარჯვებით დაწერა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა სტუმრად ტირასპოლში, შერიფთან ჩაატარა და მეტოქე, რომელიც სისტემატურად გამოდის ევროთასებზე, სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. რაც მთავარია, თბილისელებმა მეტოქეს შანსი პრაქტიკულად არ მისცეს და საპასუხო დაპირისპირების წინ კომფორტული უპირატესობა აქვთ.

შერიფის გულშემატკივრებს ტირასპოლის არენაზე იმედი გაუცრუვდათ

ტირასპოლის მოედანზე თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. ჭიაბრიშვილის გუნდი სტუმარს ნამდვილად არ გავდა - შერიფის ნახევარზე თავიდანვე საკმაოდ თამამად მოქმედებდა და სულ მალე მისი სათამაშო უპირატესობაც თვალსაჩინო გახდა. საბურთალოს კარგი მომენტი ჯერ კიდევ 21-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა თბილისელთა მონტენეგროელი ფორვარდს, ოგნიენ როლოვიჩის დარტყმა დაუბლოკეს. 

როლოვიჩის მომენტი

ომარ მიგინეიშვილის კარის ჩარჩოში კი შერიფმა პირველი დარტმა მხოლოდ 28-ე წუთზე განახორციელა, თუმცა არტიომ ჰორდიენკომ მახვილი კუთხიდან საბურთალოს მეკარეს ვერ აჯობა.

ანგარიში მაინც საბურთალომ გახსნა და ეს შეტევის მარჯვენა ფრთაზე ვაგნერ გონსალვეშის სახიფათო მოქმედებებს მოჰყვა. ფრანგმა ლეგიონერმა უკეთეს პოზიციაში მყოფ ნიკოლოზ მალი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი თავზე ოგნიენ როლოვიჩს დაასვა - 0:1.

0:1 როლოვიჩი (30')

საბურთალომ შერიფზე წნეხი არც ამის შემდეგ შეამცირა და ანგარიშის გაზრდაც შეეძლო. სტუმართა იერიში ისევ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განხორციელდა, რის შემდეგაც გეგა დიასამიძეს მახვილი კუთხიდან გასატანად სულ ცოტა დააკლდა - ბურთი ძელს მოხვდა.

საბურთალოს მომენტი

ერთადერთი, რაც შესვენებამდე მოლდოველებმა მოახერხეს, ტაიმის მიწურულს ანტუნ პალიჩის მეტნაკლებად სახიფათო დარტყმა იყო, მაგრამ მიგინეიშვილს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია.

შერიფის მომენტი

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა რეალური მომენტი მიგინეიშვილის კართან არ ჰქონიათ, საბურთალოელებს კი ამან შეტევაში სივრცეები უფრო მეტად გაუჩინა.  

სახიფათო მომენტები მოლდოველთა კართან

მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე საბურთალომ ანგარიშის სხვაობა მაინც გაზარდა და ეს გიორგი კოხრეიძემ, ბრწყინვალე შორეული დარტყმით მოახერხა. შერიფის მეკარე მიკულიჩი ამაოდ გადახტა.

0:2 კოხრეიძე (67') 

ტირასპოლის გუნდი მოიშალა, მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლევან კაკუბავამ კი საბურთალოს უპირატესობა გამანადგურებელი გახადა.

0:3 კაკუბავა (71')

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, საკმაოდ გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან აბსოლუტურად დამსახურებულად და რაც მთავარია, შთამბეჭდავი სხვაობით გაიმარჯვა.  

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 16 ივლისს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების დინამოს დაუპირისპირდება, დამარცხებული კი ევროპალიგაზე გადაერთვება, სადაც ალბანური პარტიზანისა და აზერბაიჯანული ყარაბაღის წყვილში წაგებულს შეხვდება. 

საბურთალომ ტირასპოლში ისტორია დაწერა
📷 FC Saburtalo

შერიფი 0:3 საბურთალო

გოლი: 0:1 როლოვიჩი (30'), 0:2 კოხრეიძე (67'), 0:3 კაკუბავა (71').

შერიფი (4-4-2): მიკულიჩი - პალჩიჩი (ტამბე 70'), პოსმაკი, იახი, კრისტიანო - ლატიფი, კენდიში, ხურადო (ანტონი 46'), ჰორდიენკო - ბობანი, პალიჩი (ბალიმა 46').

საბურთალო (4-4-2): მიგინეიშვილი - მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი - დიასამიძე, ვაგნერი (შინდაგორიძე 70'), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 61') - როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77').

კომენტარები

ბოლო ამბები