Thumbnail
  • ნაგოია ბაშო. 7-21 ივლისი
  • ტოჩინოშინის კომენტარი დაიეიშოსთან მარცხის შემდეგ

ივლისის ბაშო ცუდად დაიწყო ქართველი ოძეკი ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე) - მას 4 მარცხი აქვს და ჯერ ბრძოლა არ მოუგია. იაპონური მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ტოჩინოშინი ენერგიაგამოცლილი ასპარეზობს, რასაც თავად ქართველი სუმოისტიც ეთანხმება:

"კარგ ფორმაში არ ვარ, რადგან მუხლი ამის საშუალებას არ მაძლევს - ჩემი სუმო დავივიწყე - შევეცდები საუკეთესოდ გავისარჯო - ხვალიდან თავიდან ვიწყებ!" - განუცხადა იაპონურ გაზეთ Sankei Sports-ს ლევან გორგაძემ. 

ტოჩინოშინმა ბოლოს დაიეიშოსთან წააგო, რომელსაც აქამდე ურთიერთშეხვედრებში 6:1-ს უგებდა. 

11 ივლისს ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ასანოიამაა, მაისის ბაშოს გამარჯვებული. ალბათ, ბევრს ახსოვს ის ინციდენტი, რაც ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს მსაჯებმა შეცდომით მიაკუთვნეს გამარჯვება ასანოიამას - შედეგად ტოჩინოშინს 9-4 ბალანსი გაუხდა, ასანოიამას კი 11-2 (ორივეს 10-3-ზე უნდა ჰქონოდა), ლევანი იმპერატორის თასისთვის ბრძოლას ჩამოცილდა, მეორე დღეს კი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და ამით ასანოიამას ჩემპიონობა გაუნაღდა, თავად კი ოძეკის ტიტული დაიბრუნა. საბოლოოდ, სუმოს ასოციაციამ აღიარა, რომ სკანდალურ მატჩზე მსაჯებმა, შესაძლოა, შეცდომა დაუშვეს.

Sankei Sports-ის ინფორმაციით, ტოჩინოშინს მუხლთან ერთად მხარიც აწუხებს და უენერგიო ასპარეზობაც ამ ორი ტრავმის ბრალია. გამოცემის აზრით, ქართველი სუმოისტი დაახლოებით ისეთ ფორმაშია, როგორც იანვრის ბაშოზე - მაშინ ტოჩინოშინმა პირველი ოთხი ორთაბრძოლა წააგო და მეხუთეზე აღარ გამოცხადდა. როგორც ამ კომენტარიდან ჩანს, ტოჩინოშინი ამჯერად, დანებებას არ აპირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები