Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე რეიტინგში მე-15 პოზიციაზეა
  • ხვალ უიმბლდონზე ვაჟთა 1/4 ფინალებია
  • 22 ივლისიდან მან ჰამბურგში მოგებული 500 ქულა უნდა დაიცვას

უიმბლდონის ღია პირველობის მეორე წრეში დამარცხებული ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) ATP-ის  LIVE რეიტინგში მე-15 პოზიციაზეა, რაც მისი კარიერის უდიდესი მიღწევაა, თუმცა შეინარჩუნებს ნიკა ამ ადგილს ორშაბათისთვის, როცა დიდი სლემის ტურნირის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება.

ვნახოთ, რა შანსები აქვს მას:

მიმდინარე რეიტინგში 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი 1 995 ქულით მე-15 ადგილზეა და ეს ქულები გასაგები მიზეზის გამო, აღარ შეიცვლება. 1/4 ფინალში გასული 8 ჩოგბურთელიდან 4 ნიკას რეიტინგში უსწრებს ტოპ-3 (ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი), მე-7 ადგილზეა კეი ნიშიკორი. 

ნიკამ ბალახის სეზონზე მხოლოდ 1 მატჩი მოიგო

ასე რომ, ბასილაშვილის გადასწრების შანსი 4 ჩოგბურთელს აქვს: რობერტო ბაუტისტა აგუტს (ესპანეთი), დავიდ გოფინს (ბელგია), გვიდო პელიას (არგენტინა) და სემ ქუერის (აშშ). 
ქუერი მიმდინარე რეიტინგში 1 100 ქულით 39-ე ადგილზეა, მას მხოლოდ ერთი შანსი აქვს ნიკას გადასწრების - უიმბლდონი უნდა მოიგოს - 10 ივლისს ამერიკელი ნადალს ხვდება. ისედაც, მისი შანსი დიდი სლემის ტურნირის მოგების, თეორიულია. 

სამაგიეროდ, დანარჩენ სამს ბასილაშვილის გადასწრების პრაქტიკული შანსი აქვს. გოფინი 1 860 ქულით მიმდინარე რეიტინგში მე-18 ადგილზეა და თუ მოიგებს, ქართველს საკმაოდ დიდი სხვაობით გაუსწრებს, მაგრამ მისი მეტოქე 1/4 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩია. 

რაც შეეხება აგუტსა და პელიას, ესპანელი და არგენტინელი ერთმანეთს ხვდებიან, რაც ნიკასთვის სამწუხარო უნდა იყოს და აი, რატომ - აგუტი მიმდინარე რეიტინგში სულ ოდნავ ჩამორჩება მას 1 960 ქულით და გამარჯვების შემთხვევაში 2 320 ქულას დააგროვებს და რეიტინგში მე-13 ადგილზე გადავა. პელია 1 700 ქულით 24-ე პოზიციაზეა, მაგრამ მოგება მას 3 60 ქულას შემატებს და, სამწუხაროდ, 2 060 ქულით ბასილაშვილს გაასწრებს. 

დასკვნა:

ბასილაშვილისთვის მიმდინარე რეიტინგში მე-15 ადგილის შენარჩუნების შანსი ნულია.

თუ ხვალ გოფინი ჯოკოვიჩთან დამარცხდება (და ქუერი უიმბლდონს არ მოიგებს), ნიკა ორშაბათს კვლავ მე-16 ჩოგანი იქნება, თუ არადა, კიდევ ერთი საფეხურით დაქვეითდება და მსოფლიოს მე-17 ჩოგანი იქნება. 

15-21 ივლისის კვირას ბასილაშვილი არსად არ გამოდის, 22 ივლისიდან კი ის ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობაზე (ATP 500) ტიტულისა და 500 სარეიტინგო ქულის დაცვას შეეცდება. ამ ქულების დაკარგვის შემთხვევაში ნიკა ტოპ-25-დან გავარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები