Thumbnail
  • 30 წლის ნახევარმცველმა კვიპროსელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა
  • დაუშვილი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდის მეოთხე ქართველი ლეგიონერია

ფამაგუსტას ანორთოსისში, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, სხვა ქართველ ლეგიონერებთან ერთად მურთაზ (ბუბა) დაუშვილიც ითამაშებს. კვიპროსულმა კლუბმა 30 წლის ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

თემურ ქეცბაიას განკარგულებაში საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელია!

ბუბა დაუშვილსა და ანორთოსისს შორის კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმდა.

"ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ღირსებას დავიცავ. გულშემატკივრებისგან, ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან ძალიან დიდი სითბო  ვიგრძენი. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობა იქნება და შევეცდებით, გავამართლოთ გულშემატკივრების იმედები და წარმატებულ შედეგს მივაღწიოთ. 

ფანებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი და მიხარია, რომ ანორთოსისს ასეთი გულშემატკივრები ჰყავს. ფეხბურთელები ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რომ მათი და კლუბის იმედები გავამართლოთ", - აქვენებს კლუბის ოფიციალური საიტი ბუბას კომენტარს.

ბუბა დაუშვილის ბოლო კლუბი უნგრული ჰალადაში იყო, რომლის მაისურით გასულ სეზონში OTP Bank Liga-ში 18 მატჩში ითამაშა. ქართველ ნახევარმცველს უნგრეთში ასევე უთამაშია დიოშდორში, კარიერის დიდი ნაწილი კი უკრაინულ კარპატიში აქვს გატარებული. საქართველოში ბუბა ზესტაფონისა და სამტრედიას ღირსებას იცავდა, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში კი მის ანგარიშზე 34 მატჩია.

ანორთოსისის ფანატები გუნდის ვარჯიშსაც კი არ აცდენენ

ამრიგად, ფამაგუსტას ანორთოსისი ახალ სეზონს ერთბაშად ოთხი ქართველი ლეგიონერით ხვდება. ბუბა დაუშვილთან ერთად, თემურ ქეცბაიას გუნდის ღირსებას ნიკა კაჭარავა, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორია დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები