Thumbnail

'შეთამაშება გვაკლია, მაგრამ წუწუნი უადგილოა' - რა თქვა შერიფის მწვრთნელმა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 10 ივლისი | ⌚ 21:00 | ⚽ შერიფი (მოლდოვა) V საბურთალო (საქართველო)
  • ზორან ზეკიჩმა საქართველოს ჩემპიონთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

10 ივლისს, საბურთალო ევროთასებზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს: ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდება. მატჩი მოლდოვაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შერიფის ვებ გვერდზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზორან ზეკიჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა, თემა კი რა თქმა უნდა საბურთალოსთან მოახლოებული მატჩია. გთავაზობთ ზეკიჩის პასუხებს ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო კითხვებზე...

არ გაფიქრებთ ის ფაქტი, რომ ევროთასის თამაშს შეუთამაშებელი გუნდით ხვდებით?

ზეკიჩი: შესაძლოა, ეს პრობლემა იყოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ახალი ფეხბურთელები შერიფში მოსვლამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. მეც მინდა, რომ უფრო შეთამაშებული გუნდი გვყავდეს, მაგრამ ასე დალაგდა და წუწუნს აზრი არ აქვს. ხვალ კარგ ამინდი იქნება, კარგი მინდორი და იმედია გულშემატკივარიც მრავლად მოვა სტადიონზე. შესაბამისად, კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს.

მეტოქე გუნდზე რას იტყვით?

ზეკიჩი: ვნახეთ საბურთალოს მატჩები და ანალიზიც გავაკეთეთ. ჩემ ფეხბურთელებს მგონი მობეზრდათ კიდეც ამ თემაზე ლაპარაკი. მეტოქეს პატივისცემით ვეკიდებით. საბურთალო საქართველოს ჩემპიონია და ეს არის გუნდი, რომელიც ბურთის კონტროლზე აკეთებს აქცენტს და ძალიან მჭიდროდ თამაშობს დაცვაში. როდესაც მე ვთამაშობდი ფეხბურთს, მაშინ არ იყო ამდენი საშუალება და შესაბამისად, არ ვიცოდით ვის ვეთამაშებოდით. დღეს, სხვა რეალობაა და მეტოქის წინასწარ შეფასება საინტერესო პროცესია. მოლდოვის ჩემპიონატის მატჩებისგან განსხვავებული თამაში იქნება და შეცდომები არ უნდა დავუშვათ.

შეგიძლიათ გულშემატკივრებს მიმართოთ...

ზეკიჩი: თუ თამაშს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება, ეს შესანიშნავი იქნება. მინდა რომ რაც ვარჯიშებზე დავამუშავეთ, ეს მოედანზე ვაჩვენოთ. გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთი შესაძლებლობების 100%-ს გამოავლენენ. ამაში დარწმუნებული ვარ.

კომენტარები

ბოლო ამბები