Thumbnail

'ეს ჩემპიონის საკადრისი სუმო არ არის' - ფანები ტოჩინოშინის ჭიდაობას განიხილავენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ქართველმა ოძეკიმ ბაშო 0-3 ბალანსით დაიწყო
  • sumoforum.net-ის მომხმარებლების დისკუსია ტოჩინოშინის ასპარეზობაზე

ნაგოია ბაშო ძალიან ცუდად დაიწყო ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და საქმე მხოლოდ ის არაა, რომ მან ზედიზედ სამი ორთაბრძოლა წააგო:

მე-2 მაეგაშირა ენდოსთან, მე-3 მაეგაშირა შოდაისთან და კომუსუბი რიუდენთან - ის აშკარად არ არის ფორმაში, პირველ ორ ბრძოლაში კარგი დაჯახების შემდეგ მიღებული უპირატესობა ვერ გამოიყენა, რიუდენთან კი დოჰიოს ცენტრში შერკინებისას კარგად გამოჩნდა, რომ მას ძალ-ღონე არ მოყვება. 

მეტი ამ თემაზე

საქართველოში ტოჩინოშინის ცუდი ასპარეზობის მიზეზი კარგად არის ცნობილი - როგორც ჩანს, მან ბოლომდე ვერ მოირჩინა მაისის ბაშოზე ენდოსთან დაშავებული მუხლი, რასაც ბაშოს დაწყების წინ მარცხენა მხარზე კუნთის დაზიანებაც დაემატა. 

sumoforum.net-ის დისკუსია

იაპონიასა და სხვა ქვეყნებში კი ფანები გაოცებული არიან, sumoforum.net-ის მომხმარებლები ვერ იჯერებენ, რომ ეს სწორედ ის ტოჩინოშინია, რომელმაც მაისში 10-5 ბალანსით ოძეკის ტიტული დაიბრუნა და რომ არა მსაჯების შეცდომა, იმპერატორის თასისთვისაც იბრძოლებდა. 

"როგორც ჩანს, ტოჩინოშინის პრობლემები ენდოსთან ბრძოლაში პერმანენტულია", - წერს ერთი. 

"ტოჩინოშინი მორიგ წრეზეა, ის ისევ კადობანში იქნება შემდეგ ბაშოზე და ტიტულის დაცვა მოუწევს, როგორც ჩანს, მას უყვარს ეს საქმე", - ვკითხულობთ ფორუმზე.

"ტოჩინოშინი მართლაც ვერ გამოიყურება კარგად"...

"რაც შეეხება ტოჩინოშინს, ისევ დაშავებული ხომ არ არის?"...

ტოჩინოშინმა ბაშო 0-3 ბალანსით დაიწყო

"ტოჩინოშინი - ეს თაღლითობაა, ის არ უნდა იყოს ოძეკი!" - ეს მწვავე პოზიცია ALAKTORN-ს ეკუთვნის, თუმცა ფორუმზე მისმა ნათქვამმა მოწონება არ დაიმსახურა. "გოეიდოს ფანები ამას არ უნდა ამბობდნენ", - პასუხობს ერთ-ერთი ფანი. "რას ამბობთ, ნებისმიერი, ვინც შეძლებს ოძეკის ტიტულის მოპოვებას მას მერე, რაც ტრავმების გამო მაკუშიტას დივიზიონამდე დაქვეითდა, პატივისცემას იმსახურებს, ტაშის დაკვრას და არა დაცინვას, იმის გამო, რომ დღეს ოძეკის შესაფერის სუმოს ვერ აჩვენებს. ეს არ არის წარსული დამსახურების დავიწყების მიზეზი".

"ვფიქრობ, მის დღევანდელ სტატუსზე სიტყვა 'თაღლითობის' ხმარება, ძალიან ცუდია. თუ თქვენ გულისხმობთ, რომ ის PED-ზე იჯდა, მაშინ ასეთი ბრალდება უნდა დაამტკიცოთ", - წერს კიდევ ერთი ფანი. PED - სტიმულატორების მოკლე ფორმაა. 

"რიუდენი შიშით ეჭიდავა ტოჩინოშინს, მან ენდოს ტექნიკა გამოიყენა ქართველის წინააღმდეგ, რასაც უკვე ბევრი მიმართავს - ხედავ, რომ ეს ხერხი რომელიმე სუმოისტზე ამართლებს და შენც იგივეს იმეორებ. რიუდენმა ეს შეძლო შთამბეჭდავ სტილში, იმის მიუხედავად, რომ ტოჩინოშინი აშკარად კიუჯოს ნიშნებს ავლენს", - ეს ფანი მიიჩნევს, რომ ტოჩინოშინი მალე კიუჯოს გამოაცხადებს, ანუ ტრავმის გამო ბაშოს მიატოვებს. 

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:1-ს უგებს და ამ ბრძოლაში კარგად გამოჩნდება, რამდენად ღირს ბაშოს ბოლომდე მიყვანა. ტრავმიანი ტოჩინოშინის უმთავრესი მიზანი ბაშოზე 8 ბრძოლის მოგებაა. ასეთ შემთხვევაში, ქართველს სექტემბრის ბაშოზე ოძეკის ტიტული დასაცავი აღარ ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები