Thumbnail
  • ორდაბასის ქართველი თავკაცის ინტერვიუ ყაზახურ მედიაში
  • ცხადაძეს ევროპალიგაზე მეტოქედ ქუთაისის ტორპედო ჰყავს
  • 50 წლის სპეციალისტმა ახლახან სტაჟირება ლაციოში გაიარა

საქართველოს თასის მფლობელ ქუთაისის ტორპედოს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ყაზახური ორდაბასი შეხვდა, რომელსაც უკვე მეორე სეზონია, კახაბერ ცხადაძე წვრთნის.  საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის გუნდი ყაზახეთის სუპერლიგაში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 33 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა ცხადაძის უახლოესი საზრუნავი ევროპალიგა და ქუთაისის ტორპედოა.

მეტი ამ თემაზე: რას უნდა ველოდოთ ქართული გუნდებისგან - ევროთასები იწყება!

ტორპედო ორდაბასის შიმკენტში 11 ივლისს ესტუმრება, საპასუხო შეხვედრას კი თბილისში, "მიხეილ მესხზე" 18 ივლისს ჩაატარებს. 

კახა ცხადაძემ ყაზახურ vesti.kz-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რომის ლაციოში სტარიჟებასა და ქუთაისურ გუნდთან მომავალ დაპირისპირებაზეც ილაპარაკა.

vesti.kz: როგორ ატარებთ შვებულებას? დადიხართ სტაჟირებებზე?

ცხადაძე: ცოტა ხნის წინ სტაჟირებაზე ვიყავი ლაციოში. რატომ მაინც და მაინც ამ კლუბში? იმ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც ჩვენთვის ახლობელია. მსურდა, საწვრთნელი პროცესი მენახა და გამეგო, სწორ გზას ვადგავართ თუ არა. მანამდე ვიყავი თურქეთში, შევხვდი გაჯი გაჯიევს, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ჩემი მასწავლებელია და ტელეფონითაც ხშირად ვსაუბრობთ. მაძლევს რჩევებს.

vesti.kz: რა მოგეწონათ ლაციოს ვარჯიშში?

ცხადაძე: ინტენსივობა - ეს ისაა, რაშიც მომატება გვჭირდება.

vesti.kz: ევროპელი მწვრთნელებიდან კიდევ ვის გამოარჩევდით?

ცხადაძე: ჩემი სამწვრთნელო გზის დასაწყისში სტაჟირებაზე ვან გაალთან ვიყავი. ეს ჩემი მეგობრის, შოთა არველაძის დახმარებით შევძელი, რომელიც მაშინ აზ ალკმაარში თამაშობდა. ვან გაალისგან ბევრი ვისწავლე.

ცხადაძეს ახარებს, რომ სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევს

vesti.kz: ის ხომ არაორდინარული მწვრთნელია?

ცხადაძე: ყვირის ძალიან ბევრს (იცინის).

vesti.kz: თქვენ?

ცხადაძე: მასზე ნაკლებს. იცით, როდის ყვირის ყველაზე ხშირად ვან გაალი? მიმდინარეობს მოთელვა, ფეხბურთელები პასებზე მუშაობენ და ამ დროს, თუკი ვინმე ამ ელემენტში შეცდომას დაუშვებს, შესაძლოა დაარტყას… ნუ, თუ არ დაარტყამს, ხმამაღლა მაინც დაუყვირებს.

vesti.kz: გახარებთ, რომ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო გერგოთ?

ცხადაძე: ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლა ის ჩვენი მეტოქეა და ვალდებული ვართ, მოვუგოთ. მახარებს მხოლოდ ის, რომ კიდევ ერთხელ ჩავალ საქართველოში.

vesti.kz: წილისყრამდე ფიქრობდით, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუკი ტორპედოს შეხვდებოდით?

ცხადაძე: არა, ტორპედო ძლიერი, ამბიციური გუნდია, რომელსაც პროგრესირებადი მწვრთნელი ჰყავს. მასთან ძალიან რთული იქნება.

ტორპედო ევროპალიგას სერიოზული ფინანსური პრობლემებით ხვდება

vesti.kz: არ გსურთ გუნდში ქართველი ფეხბურთელების მოწვევა?

ცხადაძე: არა. (ცხადაძე სიცილით კლუბის ფინანსურ დირექტორს, ბახტიარ ბაისეიტოვს მიმართავს, რომელიც საუბარს შემოუერთდა: "ბოს, ჩვენ ხომ არავინ გვსურდა ქართველებიდან? მეც კი გაგდებას მიპირებს").

vesti.kz: როგორია ორდაბასის ამბიციები ევროთასებზე?

ცხადაძე: ჯერ ტორპედო უნდა გავიაროთ, ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა და უახლოესი მეტოქის მიმართ ძალიან სერიოზულად ვართ განწყობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები