Thumbnail

'დღეში რამდენჯერმე მწერს - 'მზად ვარ', ითამაშებს ბითაძე NBA-ს საზაფხულო ლიგაზე? 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინდიანა პეისერსის პრეზიდენტი ძველებურად ოპტიმისტსი ვერ არის
  • The Athletic ქართველი კალათბურთელის ვიზის პრობლემას ეხმიანება

20 ივნისს NBA-ს დრაფტზე გოგა ბითაძე პირველ წრეში, მე-18 ნომრად აირჩია ინდიანა პეისერსმა. ინდიანაპოლისში გოგას წარდგენის შემდეგ, ქართველი ცენტრი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ამერიკაში ლას ვეგასის საზაფხულო ლიგისთვის უნდა დაბრუნებულიყო, რომელიც ნევადაში 5-15 ივლისს იმართება. 

ლას ვეგასში ინდიანამ ოთხი საკვალიფიკაციო მატჩიდან 2 უკვე გამართა, მაგრამ ბითაძე არ ჩანს, ის განაცხადში 18 ნომრით შეყვანილია, მაგრამ კვლავ საქართველოშია ამერიკის სამუშაო ვიზის მოლოდინში. 

გოგას არყოფნაში ინდიანამ ორივე თამაში წააგო, მემფისთანაც და დეტროიტთანაც. ასე რომ, დიდი ალბათობით, პლეი ოფში ვერ გავა. ინდიანა 9 ივლისს მესამე მატჩს ატლანტას წინააღმდეგ გამართავს - ეს შეხვედრა ჩვენი დროით 10 ივლისს 01:30-ზე გაიმართება და ცხადია, გოგა მას უკვე ვეღარ ჩაუსწრებს. რჩება მხოლოდ ერთი მატჩი - 11 ივლისს (თბილისში 12 ივლისის 02:00-ზე) ჩემპიონ ტორონტოსთან...

არ ვიცი, მივცემ თუ არა თამაშის უფლებას

ინდიანა პეისერსის პრეზიდენტი კევინ პრიჩარდი ისეთი ოპტიმისტი აღარ არის, როგორც წინა დღეებში:

გოგას წარდგენა ინდიანაპოლისში

"დრაფტის შემდეგ მას სამშობლოში მოუწია დაბრუნება, რადგან უფრო ხანგრძლივი, მუშაობის უფლებით ვიზა აიღოს და დაბრუნდეს. ის რამდენიმე დღეში ჩამოვა ამერიკაში, მაგრამ არ ვიცი, თამაშის უფლებას მივცემ თუ არა. არ მინდა, ერთი ვარჯიშის შემდეგ პარკეტზე შევუშვა. თუმცა თავად გოგა დღეში რამდენჯერმე მწერს - მე მზად ვარო", - ეს კომენტარი პრიჩარდმა ინდიანა-დეტროიტის საზაფხულო ლიგის მატჩის მიმდინარეობისას გააკეთა NBA TV-ზე. 

სად დაიკარგა ბითაძე - კითხულობენ ამერიკაში

ბითაძის არყოფნას საზაფხულო ლიგაზე The Athletic სპეციალური სტატიით გამოეხმაურა: "სად არის პეისერსის მიერ დრაფტზე არჩეული გოგა ბითაძე და რა სტატუსი აქვს მის სამუშაო ვიზას". 

სტატიაში სკოტ აგნესი კარგად აღწერს სიტუაციას და აღნიშნავს, რომ პრობლემა სერიოზული არ არის. "ყველა დეტალის გათვალისწინებით, ბითაძის შემთხვევა არ არის სერიოზული პრობლემა. ბითაძე უკვე კარგა ხანია პროფესიონალია და მას ძლიერი მოწინააღმდეგების წინააღმდეგ უთამაშია. თუმცა ის კარგავს ძვირფას დროს, რომ დროულად შეეწყოს ახალ ორგანიზაციასა და სტაფს", - წერს გამოცემა.  
The Athletic-ის ინფორმაციით, გოგა მალე ამერიკის საელჩოში გასაუბრებას გაივლის და შემდეგ შეეძლება ამერიკაში წასვლა. 

Indiana Pacers ✊💪🏀 #Pacers

Posted by Goga Bitadze on შაბათი, 06 ივლისი, 2019

სხვათა შორის, ინდიანას ჯერ არ გაუფორმებია კონტრაქტი ბითაძესთან, თუმცა როგორც დრაფტის პირველ წრეში არჩეულს, ბითაძეს მინიმუმ 2-წლიანი კონტრაქტი გარანტირებულად ეკუთვნის. 
ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე ბევრი ახალგაზრდა ჩავიდა ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდანაც, ზოგი წლეულს აირჩიეს დრაფტზე, ზოგი წინა წლებში, ბევრიც ისე ცდის ძალებს ამერიკულ გუნდებში, თუმცა ჯერ სხვა შემთხვევა წლეულს ვიზასთან დაკავშირებული პრობლემებით არ დაფიქსირებულა. 

რა ღირს გოგას მაისურა

ამასობაში, NBA-ს ოფიციალურ საიტზე უკვე შესაძლებელია გოგა ბითაძის 19-ნომრიანი მაისურის შეძენა.

გოგას ნომრიანი ინდიანას 2019/20 წლების სეზონის მუქი ლურჯი მაისურა $99.95 ღირს, თუმცა სეილზე მისი ფასი $69.97-ია.

NBA-ს რიგით 74-ე სეზონი სტარტს ოქტომბერში აიღეს. რეგულარული სეზონი აპრილში დასრულდება, პლეი ოფი აპრილ-ივნისში გაიმართება.   

კომენტარები

ბოლო ამბები