Thumbnail
  • 10 ივლისი | ⌚ 21:00 | ⚽ შერიფი (მოლდოვა) V საბურთალო (საქართველო)
  • 11 ივლისი | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო თბ. (საქართველო) V ენგორდანი (ანდორა)
  • 11 ივლისი | ⌚ 18:00 | ⚽ ორდაბასი (ყაზახეთი) V ტორპედო (საქართველო)
  • 11 ივლისი | ⌚ 21:30 | ⚽ ფოლა (ლუქსემბურგი) V ჩიხურა (საქართველო)

ქართული საფეხბურთო კლუბები ევროთასების მატჩებისთვის ემზადებიან. 10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საბურთალო ტირასპოლის შერიფს ესტუმრება. მეორე დღეს, 11 ივლისს ევროპალიგის ჯერი დადგება და დარჩენილი სამი ქართული გუნდიც ჩაერთვება საქმეში: ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს ესტუმრება, საჩხერის ჩიხურა ლუქსემბურგულ ფოლას, ხოლო თბილისის დინამო პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს და 'დინამო არენაზე' ენგორდანს უმასპინძლებს. საინტერესოა, როგორ ფორმაში ხვდებიან ქართული კლუბები ევროპაექრობებს.

თბილისის საბურთალო

პირველი ქართული გუნდი, რომელიც ევროტურნირში ჩაერთვება, საბურთალოა. საქართველოს ჩემპიონი დღეს ტირასპოლში გაემგზავრა, 10 ივლისს კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შერიფს დაუპირისპირდება. მატჩი მოლდოვაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მოახლოებულ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან ლეგიონერები: ელვინ ტერა და ინტერს გი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. სხვები მწყობრში არიან და ემზადებიან შერიფთან სათამაშოდ. აქვე გაგაცნობთ საბურთალოს სრულ შემადგენლობას, რომელიც მოლდოვაში გაემგზავრა:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი, თორნიკე მეგრელიშვილი.

მცველები: გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკოლოზ მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი კოხრეიძე.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.

თბილისის დინამო

11 ივლიის საქმეში ევროპალიგაზე მოასპარეზე გუნდები ჩაერთვებიან. ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც პირველ შეხვედრას საშინაო არენაზე გამართავს, თბილისის დინამოა. ფელის ვისენტეს გუნდი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ანდორულ ენგორდანს დაუპირისპირდება. ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი აშკარა ფაორიტია და იმედია, პირველ ბარიერს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გადალახავს.

ევროთასების წინ, თბილისურმა კლუბმა შვიდი ფეხბურთელი დაიმატა: ნოდარ ქავთარაძე და გიორგი ქიმაძე ქუთაისის ტორპედოდან, მათე კვირკვია ბათუმის დინამოდან და ოთხი ლეგიონერი: არფანგ დაფე, სერგეი ლიტოვჩენკო, მიხაილო შიშკა და ოლექსანდრ კაპლიენკო. ამ უკანასკნელს ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, პირველ საერთაშორისო მატჩს გამოტოვებს.

დაფე და ლიტოვჩენკო ეროვნული ლიგის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელები არიან: სენეგალელი ნახევარმცველი თავის დროზე ფოთის კოლხეთსა და ქუთაისის ტორპედოში ასპარეზობდა, უკრაინელი მეკარე კი თბილისის დინამოში 2017 წელსაც თამაშობდა, იქამდე კი ცოტა ხნით ზუგდიდში იყო. რაც შეეხება მოიხაილო შიშკას - მას ქართულ გუნდში დებიუტი ექნება. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ დონეცკის შახტარის აღზრდილია.

დინამო-ენგორდანის მატჩი დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება. თბილისური კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩის ბილეთები დინამო არენას სალაროებში 9 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.

ქუთაისის ტორპედო

ქუთაისის ტორედოს ევროთასზე თამაში რთულ დროს უწევს. იმერული კლუბი ფინანსური კრიზისის გამო ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ფორსმაჟორულ ვითარებაში გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მივიდა და რა გამოვა ამ საქმისგან, ამას დრო გვიჩვენებს. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი აცხადებს, მისთვის უმძიმესია გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების წასვლა, მაგრამ მეორე მხრივ, სჯერა ახალი ფეხბურთელების.

ბოლო დღეებში, აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები რომ ტორპედოს ბუდუ ზივზივაძეც დატოვებდა და თბილისის დინამოს შეუერთდებოდა, მაგრამ ბუდუ ჯერჯერობით ტორპედოშია და ყაზახურ ორდაბასთან პირველი მატჩისთვის ემზადება. აქვე აღვნიშნოთ, რომ ორდაბასი-ტორპედოს პირველი შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ შიმქენთში 11 ივლისს, 18 საათზე დაიწყება. გაგაცნობთ ქუთაისის ტორპედოს სრულ შემადგენლობას ორდაბასთან მატჩისთვის... 

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, დავით ასათიანი.

მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი გადრანი, ცოტნე ნადარაია, ვახტანგ ნებიერიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი.

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, თემურ ჩოგაძე, გრიგოლ დოლიძე, ოთარ კობახიძე, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა, თამაზ ცეცხლაძე, ზაზა ციცქიშვილი, თამაზ შარვაშიძე, მათე აბულაძე.

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, თორნიკე კაპანაძე, დავით იონანიძე.

საჩხერის ჩიხურა

ევროპალიგაზე პირველი მატჩისთვის ემზადება საჩხერის ჩიხურაც. სოსო ფრუიძის გუნდი ლუქსემბურგის ქალაქ ეშში, ადგილობრივ ფოლას დაუპირისპირდება. მატჩი ემილ მაირიშის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

საჩხერული გუნდი ევროპა ლიგის პირველი ეტაპის მატჩებისთვის ივანწმინდაში მოემზადა. ჩიხურა ბიძინა მახარობლიძემ დატოვა, რომელიც კარიერას თბილისის ლოკომოტივში გააგრძელებს. იგივე ლოკომოტივიდან საჩხერულ გუნდს რატი არდაზიშვილი დაემატა. ტრავმა აქვს თორნიკე მუმლაძეს, რომელიც ფოლასთან პირველ შეხვედრას გამოტოვებს. დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში არიან და სრული დატვირთვით ემზადებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები