Thumbnail
  • ყაზანის რუბინმა ამ ზაფხულს უკვე მესამე ქართველი ლეგიონერი დაიმატა
  • 21 წლის ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა 

ყაზანის რუბინი "ქართველების გუნდი" ხდება, სადაც მომავალ სეზონში ერთბაშად სამი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან კონტრაქტი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა, ბექა მიქელთაძემაც გააფორმა. 

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს კვიპროსული ანორთოსისის ღირსებას იცავდა, რუბინში თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ გადავიდა, ხელშეკრულება კი 2020 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

"ბექა მიქელთაძე რუბინის ფეხბურთელია! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!", - იუწყება რუბინის ოფიციალური ტვიტერი.

📺 ბექას პირველი ინტერვიუ რუბინში

ბექამ კლუბის პრესსამსახურს შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"რუბინი დიდი კლუბია, დიდებული ისტორიით. კარგად ვიცი მისი მიღწევების შესახებ შიდა და საერთაშორისო არენებზე. მახსოვს, როგორ აჯობა რუბინმა ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაში, მაშინ ამ გუნდში ჩემი თანამემამულე ლაშა სალუქვაძე გამოდიოდა.

გადაწყვეტილების მიღებამდე, ვესაუბრე კლუბის გენერალურ დირექტორსა და მწვრთნელს. ჩანს, რომ ამ ადამიანებს ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა სურთ. შესაბამისად, დიდხანს არ მიფიქრია, უმალ მივიღე წინადადება. ერთი სიტყვით, ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდს შევუერთდი. ჩემთვის პატივია აქ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და იმედი მაქვს, გუნდს დიდ სარგებელს მოვუტან".

ბექა რუბინში ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას შეუერთდა

21 წლის ცენტრფორვარდი, რომელიც გარემარბის პოზიციაზეც თამაშობს, საქართველოში ზესტაფონში, თბილისის დინამოსა და რუსთავში გამოდიოდა. ანორთოსისში ის 2018 წლის ზაფხულში გადაბარგდა. გასულ სეზონში ფორვარდმა კვიპროსის ჩემპიონატის 23 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. 

ბექა მიქელთაძე გამოდიოდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. მის ანგარიშზე ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები