Thumbnail

კოკოს ზღაპარი დასრულდა - 15 წლის კორი გაუფი სიმონა ჰალეპმა შეაჩერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სიმონა ჰალეპი - კორი გაუფი 6:3, 6:3
  • უიმბლდონის მთავარი სენსაცია 1/8-ფინალში დამარცხა
  • 15 წლის ამერიკელი რეიტინგის 150-ეულში შეაბიჯებს 

უიმბლდონის მთავარმა აღმოჩენამ, 15 წლის ამერიკელმა კორი "კოკო" გაუფმა ტურნირში გამოსვლა მეოთხე წრეში დაასრულა. ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე მეშვიდე ნომრად განთესილმა სიმონა ჰალეპმა ორ სეტში დაამარცხა.

შეხვედრამ საათსა და 17 წუთს გასტანა. ჰალეპის აქტივში 2 ეისი, მოწოდებაზე 5 შეცდომა და 12-იდან 5 რეალიზებული ბრეიკ-პოინტი იყო. მისი მეტოქეს, რომელიც მსოფლიოს 313-ე ჩოგანია, ეისი არ მოუწოდებია, დაუშვა ერთი ორმაგი შეცდომა და მიითვალა 2 ბრეიკი. 

შეგახსენებთ, რომ "კოკომ" უიმბლდონზე ჯერ თანამემამულე ვენუს უილიამსი დაამარცხა, შემდეგ კი სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვასა და სლოვენიელ პოლონა ჰერცოგს სძლია და ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა. გაუფზე ახალგაზრდა მერვედფინალისტი უიმბლდონზე ბოლოს ასევე ამერიკელი ჯენიფერ კაპრიატი იყო - 1991 წელს. მაშინ კაპრიატიმ ნახევარფინალში გააღწია.

კორი WTA-ს განახლებულ რეიტინგში 150-ეულში იქნება, უიმბლდონზე კი მის მიერ გამომუშავებულმა საპრიზო თანხამ 176 875 ფუნტი შეადგინა.

რაც შეეხება სიმონა ჰალეპს, 27 წლის რუმინელი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ჩინელი ჩჟან შუაია, რომელსაც უიმბლდონის ¼-ფინალში დებიუტი ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები