Thumbnail

WoW Classic - ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • WoW-ის ფანები მის კლასიკურ ვერსიას წლების მანძილზე ითხოვდნენ
  • ერთი წლის წინ, Blizzard-მა მათი სურვილი გაითვალისწინა
  • Classic დღევანდელი ვერსიისგან ბევრი რამით განსხვავდება

Blizzard-მა არც თუ ისე დიდი ხნის წინ დააანონსა, რომ მათი შექმნილი MMORPG-ის ფანები, თამაშის კლასიკურ ვერსიას მიიღებენ და ის ხელმისაწვდომი 2019 წლის 27 აგვისტოდან იქნება. რა თქმა უნდა, არსებობენ კონკრეტული ადამიანები (სტრიმერები, იუთუბერები და ა.შ.), რომლებსაც თამაშის ამ ვერსიაზე ხელი უკვე მიუწვდებათ და აქტიურად ტესტავენ. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი შთაბეჭდილების ქვეშაა. ნოსტალგია ძლიერი მოტივატორია, მაგრამ არა ხანგრძლივმოქმედი. მხოლოდ ნოსტალგიური განცდების გამო, თამაშში ასობით საათს ვერ დახარჯავ. 

სამყარო World of Warcraft-ის გარეშე წარმოუდგენელია. თამაშის რილიზიდან 15 წელი გავიდა და აზეროთის სამყაროში მილიონობით ადამიანმა იმოგზაურა. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დღეს WoW-ს თამაშობენ, მისი გამოშვებისას იმდენად პატარა იყო, რომ კლასიკური ვერსია ნამდვილად არ ემახსოვრება. 27 აგვისტოდან მათ სწორედ ამის შანსი მიეცემათ - განიცადონ, რამდენად დიდი ბედნიერებაა, როდესაც პირველად დაჯდები ცხენზე, ან სხვა 'მაუნთზე', თავად გააძლიერონ უნარები, სცადონ სხვადასხვა ვარიაციები კლასის ტალანტების ხეზე, გაუხარდეთ პირველი მხრის ჯავშნის ჩაცმა, პირველი 'მწვანე' ნივთი, იგრძნონ საოცარი სხვაობა სტატებში უმცირესი გაუმჯობესებისას და ა.შ.

ონლაინ მულტიპლეიერ ვიდეო თამაშებში, 15 წელი საოცრად დიდი დროა და ის ფაქტი, რომ WoW-მა ამდენი ხნის მანძილზე, ასეთი პოპულარობა შეინარჩუნა, უბრალოდ დაუჯერებელია. აღნიშნული, კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ Blizzard-ის MMO დღემდე ფასიანია და გეიმერები მასში ყოველთვიურად იხდიან ფულს. გასაგებია, რომ ასეთ თამაშს მუდმივად სჭირდება განახლება, მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ გაჩნდა თამაშის კლასიკური ვერსიის გამოშვების საჭიროება?

პასუხი კომპლექსური, მაგრამ ამავდროულად ძალიან მარტივია. WoW-ის მოთამაშეთა უმრავლესობა, რომელიც პირველივე თვეებიდან აქტიურები იყვნენ, უკმაყოფილონი არიან მიმართულებით, რომელიც მათმა საყვარელმა MMO-მ ბოლო რამდენიმე ექსპანსიისას მიიღო. თამაში ზედმეტად მარტივი, შეიძლება ითქვას casual friendly გახდა. არადა, ოდესღაც, პოპულარული სწორედ მისი სირთულის გამო გახდა.

რა არის World of Warcraft Classic?

WoW Classic თამაშის ის ვერსიაა, რომელიც გამოსვლიდან ორი წლის თავზე, პირველი განახლების გამოშვებამდე იყო.

გეიმერების დიდი ნაწილი Cataclysm-ამდე სამყაროს არ იცნობს

ამ დროს (განახლება 1.12: Drums of War), თამაში უკვე დახვეწილი იყო, ბაგების უმრავლესობა გასწორებული, ბოსების მოკვლა რთული, რაც მოთამაშეებს გაერთიანებისკენ და პრობლემების ასე გადაჭრისკენ განაწყობდა. ნაკლებად დასახლებული მიწები დღევანდელთან შედარებით ძალიან დიდი იყო და შეიძლება, დავალებიდან დავალებამდე 15 წუთი ირბინოთ. MMORPG ჟანრის პირველადი მიზანი, სწორედ მოთამაშეების გაერთიანებაა და ერთგვარი სოციუმების შექმნაა, რაც თამაშის თანამედროვე ვერსიაში დიდად წახალისებული არაა. დავალებების შესრულებაც, როგორც ყველაფერი სხვა, 2019 წელს ბევრად მარტივია და რუკაზე ბევრად მეტი მინიშნებაა, ვიდრე 2004-2006 წლებში იყო, შესაბამისად, დაკარგულია გამოკვლევის და ხიფათის შეგრძნებები. გეიმერებს თავგადასავალი სურთ და როდესაც ყველაფერი ხელის გულზეა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თამაშის მიმართ ინტერესი იკლებს.

'დანჯენ ფაინდერი', რომელიც ჯგუფების მოძებნაში გეხმარება, თამაშის კლასიკურ ვერსიაში არ შეგხვდებათ. მოგიწევთ თქვენი ფეხით მიხვიდეთ 'დანჯენის' შესასვლელთან და მოძებნოთ ის ოთხი ადამიანი, ვისაც თქვენთან ერთად მოუნდება დასახული მიზნის მიღწევა.

ისტორიის ხელახლა განცდის სურვილი WoW-ის გულშემატკივრებში იმდენად ძლიერია, რომ Classic-ის დაანონსებამდეც, წლების მანძილზე არსებობდა კერძო სერვერები, რომლებიც ათასობით მომხმარებლებს სწორედ ამას სთავაზობდა.

'ბაგები' და მახასიათებლები

ხშირად, ნოსტალგია გვატყუებს - წარსულში ყველაფერი ისე კარგად არ იყო, როგორც ჩვენ გვახსოვს. Classic-ის ბეტაში მოთამაშეთა ნაწილს მიეცა იმის შანსი, რომ ენახათ, თუ რა ელით და ბევრი მათგანისთვის ეს მცირედი შოკი იყო.

მოთამაშეები Blizzard-ს ხშირად ატყობინებენ, რომ გარკვეულ 'ბაგს' (შეცდომა თამაშში) მიაგნეს, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია - მაშინ ეს შეცდომები, თამაშის ნაწილი იყო, რომელიც კომპანიამ მიზანმიმართულად შექმნა.

მოდით, ერთად ვნახოთ ის მახასიათებლები, რომლებსაც თამაშის უახლეს ვერსიაში ვეღარ შევხვდებით.

  • ახლო ბრძოლისას ტაურენების 'ჰითბოქსი' უფრო დიდია, ვიდრე სხვა რასების
  • ჯდომისას, კრიტიკული დარტყმები არ იწვევს ისეთ უნარებს, როგორებიც Enrage, Blood Craze და Reckoning არის
  • 'ქვესთების' შესახებ რუკიდან ბევრად მცირე ინფორმაციას შეიტყობთ
  • დასრულებული 'ქვესთები' რუკაზე წერტილად გამოისახება
  • 'შეშინებული' მოთამაშეები და NPC-ები სწრაფად გარბიან
  • მონსტრები ბევრად უფრო ნელა აღდგებიან, ვიდრე თამაშის თანამედროვე ვერსიაში
  • დაბალი დონის 'ქვესთებს' ნიშნულები აღარ აქვს

ექნება Classic-ს განახლებები?

Blizzard ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, თუ რა გველის - 

  • პირველი ფაზა - Molten Core, Onyxia, Maraudon
  • მეორე ფაზა - Dire Maul, Azuregos, Kazzak
  • მესამე ფაზა - Blackwing Lair, Darkmoon Faire, Darkmoon Deck
  • მეოთხე ფაზა - Zul'Gurub, Green Dragons+
  • მეხუთე ფაზა - Ahn'Qiraj War Effort, Ahn'Qiraj რეიდები
  • მეექვსე ფაზა - Naxxramas, Scourge-ს შემოტევა
Molten Core ყველას ძალიან უყვარს

PvE-ს (მოთამაშე გარემოს წინააღმდეგ) გარდა, რა თქმა უნდა, გეიმერები PvP (მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ) კონტენტსაც მიიღებენ -

  • პირველი ფაზა - PvP ხელმისაწვდომია, თუმცა არანაირ ბონუსს არ ითვალისწინებს
  • მეორე ფაზა - შემოდის Honor-ის სისტემა და რეიტინგი
  • მესამე ფაზა - Alterac Valley, Warsong Gulch
  • მეოთხე ფაზა - Arathi Basin
  • მეხუთე ფაზა - PvP ღია სამყაროში - Silithus და Eastern Plaguelands

როგორც უკვე ვთქვით, განახლებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ თამაშში საკმაოდ ბევრი რამით შეგეძლებათ დაკავდეთ. WoW Classic-ს კი აგვისტოში მივუბრუნდებით, როდესაც პირველად შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები