Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი სასურველი ფეხბურთელების შეძენას ვერ ახერხებს
  • კაპიტანი და სხვა ლიდერები უკმაყოფილებას არ მალავენ

გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავები უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე 6 კვირით ადრე, ბავარიულ გრანდს მხოლოდ 3 ტრანსფერი აქვს განხორციელებული და ჯერ არცერთი ტოპ-ვარსკვლავი არ შეუძენია.

‘ბილდის’ ჟურნალისტი წერს, რომ რეკორდმაისტერის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, რომელსაც სახელის გამხელა არ სურს, მას უთხრა: “ჩვენს საშინელ სატრანსფერო პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი - ისედაც იოლად მიხვდები, რასაც ვფიქრობ.”

ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესი ფანებს ტოპ-ტრანსფერებს დაპირდა

სამაგიეროდ, ცნობილია კაპიტან მანუელ ნოიერის კრიტიკული მოსაზრება. მას პირადად არაფერი უთქვამს, მაგრამ თავისი აგენტი ალაპარაკა: “ოთხ საუკეთესო ინგლისურ კლუბს ბაიერნი უკვე ძალიან ჩამორჩება. გუნდის შემადგენლობა აღარ არის ისეთი კონკურენტუნარიანი, როგორიც ბაიერნის შემადგენლობა უნდა იყოს. მანუელ ნოიერი ამბიციური ფეხბურთელია, მას მხოლოდ ტიტულებისთვის სურს ბრძოლა,” - განაცხადა ბაიერნის კიპერის მრჩეველმა თომას კროთმა გაზეთ ‘ზუდდოიჩე ცაითუნგთან’ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა ახალი სეზონისთვის ჯერ მხოლოდ 3 ფეხბურთელი დაიმატა: ლუკა ერნანდესი (ატლეტიკოდან), ბენჟამენ პავარი (შტუტგარტიდან) და ფიტე არპი (ჰამბურგიდან).

სამაგიეროდ, რეკორდმაისტერი ისეთმა ვარსკვლავებმა დატოვეს, როგორებიც მატს ჰუმელსი (დორტმუნდში დაბრუნდა), ხამეს როდრიგესი (რეალში დაბრუნდა), ფრანკ რიბერი (კონტრაქტი არ გაუგრძელეს), რაფინია (ფლამენგოში გადავიდა) და არიენ რობენი (კარიერა დაასრულა) არიან. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაიერნში არც ჟერომ ბოატენგი და რენატო სანჩესი დარჩებიან.

არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ ბაიერნი დატოვეს

მიუნხენელები ჯერჯერობით ვერცერთი სასურველი მოთამაშის გადაბირებას ვერ ახერხებენ. კალუმ ჰადსონ-ოდოის ტრანსფერი ჩაშლილია, ლეროი სანესთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, უსმან დემბელეს კი ბაიერნში გადასვლა არ სურს. არადა, რამდენიმე თვის წინ, რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ზაფხულში ისტორიულად ბევრ ფულს დახარჯავდა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ბავარიელები მზად არიან, ტოპ-ვარსკვლავებში 200 მილიონი ევრო დახარჯონ, მაგრამ ჯერჯერობით სასურველ ფეხბურთელებს ვერ ითანხმებენ.

ბაიერნის გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჯერ კიდევ მაისში თქვა: "გვჭირდება ხარისხიანი ახალწვეულები, რომლებიც ბაიერნს ახლავე ერთი საფეხურით გააძლიერებენ. ეს ისეთი გუნდია, სადაც ბევრი დრო არ გაქვს. ფანები ყოველ სეზონში ყველა ტიტულის მოგება ითხოვენ."

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი

წნეხის ქვეშაა მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩიც. 47 წლის სპეციალისტიც ამბობს, რომ გუნდს მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად გაძლიერება სჭირდება, მაგრამ მისი შეგირდებიც კი ფიქრობენ, რომ კოვაჩი არის მწვრთნელი, რომელთან მუშაობას ბევრი ტოპ-ვარსკვლავი არ მოისურვებს.

მოკლედ, თუ ბაიერნი უახლოეს კვირებში 2-3 ტოპ-მოთამაშეს არ შეიძენს, უკმაყოფილების ფონზე, სეზონის დასაწყისში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები