Thumbnail
  • ვინ ჩაიბარებს გერმანიის ნაკრებს ლიოვის შემდეგ?
  • იურგენ კლოპი დაინტერესებულია - ოღონდ, არა ახლა

დაახლოებით ერთი კვირის წინ, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ის სპეციალისტები დაასახელა, რომლებიც მისი აზრით, ბუნდესგუნდის ღირსეული დამრიგებლები იქნებოდნენ. დღევანდელი მდგომარეობით, 3 წლის შემდეგ, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი უნდა შეიცვალოს - 59 წლის იოახიმ ლიოვი ბუნდესმწვრთნელის თანამდებობას სწორედ 2022 წლის მუნდიალის შემდეგ დატოვებს.

ლიოვმა განაცხადა, რომ გერმანულ ფეხბურთში ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ღირსეულ კანდიდატებად შტეფან კუნტცი, ან მარკუზ ზორგი. პირველი გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელია, მეორე კი - თავად ლიოვის ასისტენტი. როგორც ხედავთ, იოგიმ არ ახსენა ლივერპულის მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც დღესდღეობით საუკეთესო გერმანელ სპეციალისტად მიიჩნევა. მას დაეთანხმა გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფიც, რომელმაც ასევე კუნტცისა და ზორგის შესახებ ისაუბრა, კლოპზე კი არაფერი უთქვამს.

შტეფან კუნტცი, იოახიმ ლიოვი და მარკუს ზორგი

ამის გამო, ბოლო დღეებში, გერმანიაში დიდი დისკუსიებია. გულშემატკივრების უმრავლესობას იდეალურ კანდიდატად სწორედ კლოპი მიაჩნია, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობს თვითონ იურგენი.

“იურგენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ როდესაც იოახიმ ლიოვს გერმანიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი აღარ ექნება, ან საკითხი ისე დადგება, რომ ბუნდესგუნდს ახალი დამრიგებელი დასჭირდება, მისთვის ეს თანამდებობა ნამდვილად იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოფცია. ჯერჯერობით კი ამაზე არ ფიქრობს, რადგან გერმანიის ნაკრების დამრიგებლის თანამდებობა ვაკანტური არ არის,” - განაცხადა კლოპის მრჩეველმა მარკ კოსიკემ გაზეთ ‘ველტთან’ ინტერვიუში. 

იურგენ კლოპის ლივერპულმა წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო

იურგენ კლოპს ლივერპულთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი მრჩეველი აცხადებს, რომ მერსისაიდელებს გერმანელ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ. საინტერესოა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი ლიოვსაც სწორედ 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები