Thumbnail

16 წლის წინათ - ლებრონი და ზაზა ერთად იწყებდნენ, ახლა ზაიონის და გოგას ჯერია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლებრონ ჯეიმსისა და ზაზა ფაჩულიას დებიუტი ერთ მატჩში
  • ზაიონ უილიამსონის დებიუტი, ველით გოგა ბითაძეს
ზაზა 2003 წლის დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს

2019 წლის MGM Resorts NBA Summer League ლას ვეგასში დაიწყო. ყურადღების ცენტრშია ნიუ ორლეანსის მიერ დრაფტის პირველ ნომრად არჩეული ზაიონ უილიამსონი, რომელსაც ხშირად "ახალ ლებრონსაც" უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ ამაღამ საზაფხულო ლიგას მემფისთან თამაშით გოგა ბითაძის ინდიანაც იწყებს, თუმცა ქართველი სამუშაო ვიზის პრობლემების გამო გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. 

ზაიონის დებიუტი კი უიღბლო გამოდგა, რადგან 9 წუთში მუხლის მცირე ტრავმა მიიღო - მან თამაში 11 ქულით და 3 მოხსნით დაამთავრა, თუმცა ერთი დანქი მართლაც ბრწყინვალე გამოუვიდა. 

USA Today-მ წლევანდელ საზაფხულო ლიგასთან დაკავშირებით გაიხსენა 16 წლის წინანდელი, როცა ლებრონ ჯეიმსის დებიუტი შედგა - კლივლენდის მიერ პირველ ნომრად არჩეულმა ლებრონმა სადებიუტო თამაშში 14 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა, მისმა კავალიერსმა კი ორლანდო მეჯიკი 107:80 დაამარცხა. დამარცხებულ გუნდში კი დებიუტი დრაფტის 42-ე ნომრად არჩეულ ზაზა ფაჩულიას ჰქონდა! ის სასტარტო ხუთეულში იყო. გთავაზობთ ამ მატჩის 10-წუთიან ჰაილაითებს. 

2003 წ. კლივლენდი V ორლანდო

გუნდების სასტარტო შემადგენლობები ასეთი იყო
კლივლენდი: ლებრონ ჯეიმსი, დეჟუან ვაგნერი, დარიუს მაილსი, კარლოს ბუზერი, დესაგანა დიოპი
ორლანდო: კიზ ბოგანსი, რის გეინსი, ბრიტონ ჯონსენი, ალტონ ფორდი, ზაზა ფაჩულია.

მეჯიკის შემადგენლობა ისეთი ვარსკვლავური არ იყო, როგორც კლივლენდის. სასტარტო ცენტრად თამაშობდა ზაურ ფაჩულია - არა, ზაზა ფაჩულიას ძმა არ ჰყოლია NBA-ში, ეს არც ტიტრების შეცდომა უნდა იყოს, მგონი, ზაზას ოფიციალურად ზაური ჰქვია", - წერს პრესტიჟული გამოცემის ჟურნალისტი. 
"საზაფხულო ლიგები ძალიან მაგარია, იქ შეიძლება გამოჩნდეს ისეთი რამ, რასაც სამომავლოდ ხშირად ვნახავთ. მაგალითად, პირველივე თამაშში ზაზამ გამოიჩინა თავი dirty თამაშით, რაც მერე დიდხანს, 16 წლის განმავლობაში ვნახეთ", - USA Today. 

ზაზას პირველი dirty თამაში

ლებრონ ჯეიმსი და ზაზა ფაჩულია ოქტომბერში თავიანთ მე-17 სეზონს დაიწყებენ NBA-ში, ლებრონი ლეიკერსში ენტონი დევისთან ერთად ახალ ერას იწყებს. ზაზა ჯერ თავისუფალი აგენტია და იმედია, ამერიკულ კარიერას კიდევ ერთი წლით გააგრძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები