Thumbnail

პრობლემა სახელად გრიზმანი - ბარსელონა ატლეტიკოს არაფრად აგდებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლეტიკოს გრიზმანის თაობაზე ბარსელონასთან პრეტენზიები აქვს
  • კატალონელები ფრანგი ფორვარდის კლუბს ყურადღებას არ აქცევენ
  • ბარსელონაში 28 წლის ფეხბურთელის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

ანტუან გრიზმანის ბარსელონაში გადასვლას საშველი ვერ დაადგა, ეს ტრანსფერი კი ფრანგი ფეხბურთელის ჯერ კიდევ ამჟამინდელ და მომავალ კლუბებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება. 

მადრიდის ატლეტიკო, ვისაც ეკუთვნის გრიზმანი, ოფიციალურ საიტზე განცხადებას ავრცელებს, სადაც პრეტენზიებს კატალონიური კლუბის მისამართით გამოთქვამს:

"გრიზმანმა ატლეტიკოს ხელმძღვანელობას 14 მაისს აცნობა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვება სურდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბარსელონა ანტუანს ყველაფერზე თურმე ჯერ კიდევ მარტში შეუთანხმდა, როდესაც ჩვენი გუნდი იუვენტუსთან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაშობდა. 

მადრიდელები ანტუანს ჯერ კლუბის ბაზაზე ელოდებიან

მართალია, რომ გუშინ ბარსელონას თხოვნით, შედგა შეხვედრა მიგელ ანხელ ხილსა და კატალონიელთა გენერალურ დირექტორს, ოსკარ გრაუს შორის. მას შემდეგ, რაც გრიზმანის პირგასამტეხლო თანხა 120 მილიონ ევრომდე შემცირდა, მისტერ გრაუმ თანხის გადახდის გადავადება ითხოვა. ამაზე ატლეტიკოს რეაგირება ნეგატიური იყო, რადგან ბარსელონა და ფეხბურთელი პატივს არ სცემენ არც ჩვენს კლუბს, არც ჩვენს გულშემატკივრებს.
 
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ატლეტიკომ აცნობა ანტუანს, მის დას, რომელიც აგენტია და ადვოკატს, რათა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ფეხბურთელი მომავალ კვირას გამოცხადდეს კლუბის ბაზაზე, სეზონისთვის მოსამზადებლად. 

გვსურს, გამოვთქვათ უკიდურესი უკმაყოფილება ორივე მხარის, განსაკუთრებით კი ბარსელონას მიმართ, რომელმაც სეზონის მსვლელობისას წააქეზა ფეხბურთელი ატლეტიკოსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე სწორედ მაშინ, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდა და თავად ბარსელონასთან აგრძელებდა ტიტულისთვის ბრძოლას", - ნათქვამია ატლეტიკოს განცხადებაში.

წესით, ანტუანი და ლეო მომავალ სეზონში ერთ გუნდში უნდა ვიხილოთ 

მადრიდული კლუბის განცხადებას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ ბარსელონაში. როგორც ესპანური მედია იუწყება, კატალონიელებმა ფრანგის წარდგენა უკვე მომავალ კვირას დაგეგმეს. 

როგორც ირკვევა, ბარსელონა 28 წლის ანტუან გრიზმანთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ 10 ივლისს გამოაცხადებს, 12-ში კი ოფიციალურად წარადგენს მას. უკვე სამი დღის შემდეგ ფრანგი ახალი სეზონისთვის მზადებას კატალონიურ კლუბთან ერთად შეუდგება.

გასულ სეზონში ანტუან გრიზმანმა საკლუბო დონეზე 48 მატჩში ითამაშა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 10 საგოლე პასი. ფორვარდის კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული, რომლის თანახმად, 1-ელი ივლისიდან პირგასამტეხლო თანხა 200 მილიონი ევროდან 120 მილიონამდე შემცირდა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები