Thumbnail

ბოროტი ბორჯღალოსნები და უზრდელი ქართველები - მამუკა ლოსაბერიძის ინტერვიუ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ რუსულ მედიაში
  • მამუკა ლოსაბერიძის აზრი საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირებაზე
  • ნახე, რას ამბობს ქუთაისში დაბადებული კაცი ქართველ მორაგბეებსა და ქომაგზე 

რუსეთის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძე რუსულ მედიას საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებასა და სარაგბო კლუბ სლავას ქართველი ლეგიონერების სკანდალზე ელაპარაკა. ქუთაისში დაბადებულმა ლოსაბერიძემ, რომელიც თავად ყოფილი მორაგბეა, 27 აგვისტოს, თბილისში დაგეგმილ საქართველო-რუსეთის ტესტმატზეც გამოთქვა აზრი.

ლოსაბერიძემ News.ru-სთან ინტერვიუში ჯერ სლავას მორაგბეების, საბა ილურიძისა და რეზი ბროძელის სკანდალურ ჟესტსა და ზოგადად, რუსეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების კლასზე ილაპარაკა:

“საბა ილურიძისა და რევაზ ბროძელის ვითარებასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, ეს ნებისმიერ შემთხვევაში კლუბის გადასაწყვეტია... ჩვენ არ გვჭირდება ლეგიონერები, ისედაც გვყავს ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც სათადარიგოთა საკმებზე სხედან.

რუსულ კლუბებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების 100 პროცენტიდან მხოლოდ 3-4% შეიძლება იყოს ძლიერი

მაგალითად: მალაღურაძე, კაჭარავა, ფრუიძე, გაჩეჩილაძე, დანარჩენები კი იმდენად სუსტები არიან, საქართველოშიც არავის სჭირდება. ასე რომ არ იყოს, აქამდე  საფრანგეთში ითამაშებდნენ".

საქართველოს ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ: 23 მატჩი, 21 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება

აი, რას ამბობს ლოსაბერიძე ბორჯღალოსნებისა და რუსი დათვების საქართველოში დაგეგმილ სპარინგსა და ქართველ ქომაგზე:

"სსრკ-ის დაშლის შემდეგ, რუსეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებები ყოველწლიურად თამაშობენ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში და იმ შემთხვევაში, როდესაც მატჩი საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, ქართველი გულშემატკივრებისგან ყოველთვის აქვს ადგილი რუსეთის ნაკრების მოთამაშეებისა და რუსეთის ჰიმნის მიმართ უკიდურესად უპატივცემულო მოპყრობას.

მეტოქის პატივისცემა რაგბის მთავარი ქვაკუთხედია, მაგრამ საქართველოსთან თამაშის დროს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ 

ქართველები მუდმივად უსტვენენ ჩვენს ნაკრებს, ფეხზე არ დგებიან და "უკრაინას" გაჰყვირიან ჰიმნის შესრულებისას, გაჰყვირიან მტრულ მოწოდებებს და ეს ყველაფერი გადაჭედილ 50-ათასიან სტადიონზე. რუსი გულშამეტკივრები ასე არასდროს იქცევიან.

რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ თამაშს, რატომ გვსურს იქ წასვლა? ვინ იქნება პასუხისმგებელი ჩვენი ბიჭების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე თამაშის შემდეგ? და საერთოდ, რატომ გზავნის რუსეთის რაგბის ფედერაცია ახალგზრდულ ნაკრებს შეკრებაზე საქართველოში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს? რა, ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ბაზები?"

რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის წვიმა პრობლემა არაა

მამუკა ლოსაბერიძე "გაბოროტებული" ქართველი მორაგბეებისგან "ბინძურ თამაშსაც" მოელის: 

"როდესაც მსოფლიო თასისთვის მზადების გეგმა შედგა, მაშინვე გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოსთან თამაშზე. ეს მატჩი ჩვენ არ გვჭირდება არც ტექნიკური, არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. დიდი ალბათობით, ჩვენ წავაგებთ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ქართველ მორაგბეებს ნაბრძანები ექნებათ, ტრავმა მიაყენონ რაც შეიძლება მეტ ჩვენს მოთამაშეს. ამასთან, არავინ იძლევა რუსეთის ნაკრების უსაფრთხოების გარანტიას.

საქართველოში რაგბი რელიგიაა და ის ერთადერთი შანსია, რაღაცაში მაინც აჯობონ რუსეთს

როგორც ჩანს, ვიღაცისთვის მომგებიანია, რომ ჩვენ ჩავიდეთ საქართველოში და თავი საფრთხეში ჩავიგდოთ. თამაში საქართველოს გარეთაც რომ გაიმართოს, მას ათასობით ქართველი ქომაგი მაინც დაესწრება".

კომენტარები

ბოლო ამბები