Thumbnail

ზღაპარი გრძელდება - 15 წლის კოკო უიმბლდონის მერვედფინალშია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კორი გაუფმა პოლონა ჰერცოგთან თამაში შეატრიალა
  • 15 წლის ამერიკელმა 2 მატჩპოინტი მოიგერია და მესამე სეტში მოიგო

უიმბლდონის მიმდინარე ღია პირველობის სენსაციური აღმოჩენა კორი ‘კოკო’ გაუფი მერვედფინალშია! 15 წლის ამერიკელმა 1/16 ფინალში სლოვენიელი პოლონა ჰერცოგი 2 საათსა და 45 წუთში დაამარცხა.

გაუფმა პირველი სეტი 3:6 დათმო და მეორე სეტში ძალიან ახლოს იყო წაგებასთან. ამერიკელი თინეიჯერი მეორე სეტს 2:5-ს აგებდა, მაგრამ თამაშში დაბრუნება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიბრეიკში გაუფმა 9:7 მოიგო. მესამე სეტში კოკო 4:1-ს იგებდა, მაგრამ ჰერცოგმა გათანაბრება შეძლო. თუმცა ამერიკელმა მატჩი მაინც მიიყვანა გამარჯვებამდე.

“ახლა უბრალოდ მიხარია, რომ ეს მატჩი დამთავრდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ თამაშში დაბრუნება და მატჩის მოგება შემეძლო. მადლობა პუბლიკას - გულშემატკივრებს ჩემი სჯეროდათ,” - განაცხდა გაუფმა მატჩის შემდეგ.

მასზე ახალგაზრდა მერვედფინალისტი უიმბლდონზე ბოლოს ასევე ამერიკელი ჯენიფერ კაპრიატი იყო - 1991 წელს. მაშინ კაპრიატიმ ნახევარფინალში გააღწია.

შეგახსენებთ, რომ პირველ და მეორე წრეში კორი გაუფმა ვენუს უილიამსი დაამარცხა, მერე კი სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვას მოუგო. მერვედფინალში კორი გაუფის მეტოქე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი იქნება, რომელიც ახლა რეიტინგში მე-7 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები