Thumbnail
  • 7-21 ივლისი - ნაგოია ბაშო 
  • პირველი მეტოქეები: ენდო და შოდაი
  • 1 000 ბრძოლამდე 12 რჩება

კვირას 7 ივლისს, აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმის "დოლფინს არენაზე" იწყება წლის მეოთხე ბაშო - ნაგოია დიდი სუმოს ტურნირი, რომელშიც ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და ჯურიოს დივიზიონის მე-2 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) იასპარეზებენ. 

ნაგოია ბაშოს ტოჩინოშინი ოძეკის დაბრუნებული ტიტულითა და ტრავმებით ხვდება. მაისის ბაშოზე მან ენდოსთან ორთაბძოლაში მუხლი დაიზიანა და ეს ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ ჰქონდა, როცა, ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მხრის კუნთიც დაიშავა. სიტუაციას ისიც ამძიმეს, რომ ტოჩინოშინმა მარცხენა მხარი დაიშავა (მისი "მუშა" ხელი). 

საბედნიეროდ, არც ერთი ტრავმა არ აღმოჩნდა იმდენად მძიმე, რომ ლევანს ბაშოზე უარი ეთქვა და ის ნაგოიაში იასპარეზებს, თუმცა ამ სიტუაციაში დადებითი ბალანსის მიღწევა არ იქნება ურიგო შედეგი. 

ენდო და შოდაი

დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ოძეკები

ბაშოს წინ ელიტურ, უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში პირველი ორი დღის განრიგი გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი მისთვის უხერხული მეტოქეებით იწყებს. 

პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე შოტა ენდოა, რომელთანაც მიღებულმა ტრავმამ ქართველს მაისში იმპერატორის თასისთვის ბრძოლის შანსი დაუკარგა - ბაშოს ბოლომდე მხოლოდ 2 ორთაბრძოლის მოგება შეძლო, რაც ოძეკის ტიტულის დაბრუნებას ეყო, მაგრამ იმპერატორის თასს - არა. ენდოსთან ურთიერთშეხვედრებში 5:5-ია, თუმცა ერთი მოგება ქართველმა სუმოისტმა უბრძოლველად მოიპოვა. 

მეორე დღეს მისი მეტოქე შოდიაია, რომელთანაც ტოჩინოშინი ურთიერთშეხვედრებში 6:8-ს აგებს (ერთხელ ვერ გამოუცხადდა). ენდო დასავლეთის მე-2 მაეგაშირაა, შოდაი - აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა.

ჯურიოს დივიზიონში გაგამარუს მეტოქე ჯურიოს მე-2 ნომერი იშიურაა, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს. 

12 ბრძოლა ათასამდე

31 წლის ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში მე-80 ბაშოს იწყებს (უმაღლეს დივიზიონში მე-60). კარიერაში მას 550 გამარჯვება აქვს მოპოვებული 988 ორთაბრძოლაში. ასე რომ, მე-12 დღეს ლევანი სუმოში მე-1000 ორთაბრძოლას გამართავს. ოძეკის რანგში ტოჩინოშინი მე-6 ბაშოზე გამოდის. ოძეკის რანგში მას 29 ორთაბრძოლა აქვს მოგებული. 

სუმოისტები ბაშოს დაწყებამდე ერთობიან

ტოჩინოშინის ტიტულები: 1 იმპერატორის თასი (2018 წლის იანვარი), 4 ვიცე-ჩემპიონობა, 6 მამაცი სულის პრიზი, 3 ტექნიკური რიკიშის პრიზი, 2 ბრწყინვალე ასპარეზობის პრიზი, 2 კინბოში (ოქროს ვარსკვლავი). ტოჩინოშინს სამჯერ აქვს მოგებული ჯურიოს დივიზიონი (ერთხელ 15-0 ბალანსით) და 2-ჯერ მაკუშიტას დივიზიონი. 

32 წლის გაგამარუსთვის ეს 82-ე ბაშოა. მისი ყველაზე დიდი მიღწევა კომუსუბის ტიტულია. გაგამარუ ერთხელ გახდა ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ მიიღო მამაცი სულის პრიზი და ერთხელ კინბოში. თითოჯერ მოგებული აქვს ჯურიოს, მაკუშიტასა და ჯონოკუჩის დივიზიონები. ელიტაში 36 ბაშო გამართა. 

ვინ არის ფავორიტი?

რა თქმა უნდა, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც წინა ბაშო გამოტოვა და ახლა საოცარ ფორმაშია (საჩვენებელ ბრძოლებში გამოჩნდა). შეგახსენებთ, რომ ჰაკუჰომ 15-0 ბალანსით მოიგო მარტის ბაშო, თუმცა ბოლო დღეს ხელი მოიტეხა (ბრძოლა მაინც მოიგო). ეს იყო ჰაკუჰოს 42-ედ მოგებული იმპერატორის თასი - მონღოლი აბსოლუტური რეკორდსმენია. 

დოჰიო თითქმის მზად არის

ყურადღების ღირსია 71-ე იოკოძუნა კაკურიუც, რომელიც მაისში 11-4 ბალანსით ვიცე-ჩემპიონი გახდა (ტოჩინოშინთან დამარცხდა). პირველ დღეს კაკურიუ დებიუტანტ კომუსუბი რიუდენს ხვდება, ხოლო ჰაკუჰო, კიდევ ერთ დებიუტანტ კომუსუბი აბის. ოძეკი გოეიდო მოქმედ ჩემპიონ ასანოიამას ხვდება, რომელიც პირველი მაეგაშირაა. კიდევ ერთი ოძეკი ტაკაიასუ კი ჰოკუტოფუჯის გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ნაგოიას დოჰიოზე ვერ ვიხილავთ ტრავმირებულ ტაკაკეიშოს, ის ოძეკის ტიტულს დაემშვიდობება. 

კომენტარები

ბოლო ამბები