Thumbnail

RWC 2019 | ტონგა - ჯუჯა სახელმწიფო დიდი სარაგბო ტრადიციებით

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების განხილვას და დღეს სიკვდილის ჯგუფის კიდევ ერთ ბინადარ, წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოს, ტონგას წარმოგიდგენთ, რომლის მოსახლეობაც 100 000-ზე ოდნავ მეტია.

ისტორიული პანორამა

ტონგაზე რაგბი მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და როგორც უმრავლეს სარაგბო ქვეყანაში, აქაც მეზღვაურებმა ჩაიტანეს.

პირველი ოფიციალური მატჩი 1924 წელს, ფიჯის ნაკრებთან, დედაქალაქ ნუკუალოფაში გამართეს და 9-6 გაიმარჯვეს.

პირველი ხმაურიანი გამარჯვება ტონგელებმა 1969 წელს მოიპოვეს, როცა ახალზელანდიელი მაორები დაამარცხეს. ამას მოყვა უძლიერესი ავსტრალიის დამარცხება, 1973 წელს, ბრისბენში (16-11). თუმცა, ტონგელთა ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მაინც 2011 წლის მსოფლიო თასზე, ფრანგთა 19-14 ძლევაა.

ჯამში, ტონგელებს Tier 1-ის ქვეყნებიდან მოუგიათ შოტლანდიისთვის, იტალიისთვის (2-ჯერ), საფრანგეთისთვის (2-ჯერ) და ავსტრალიისთვის.

ტონგელები 1982 წლიდან თამაშობდნენ წყნარი ოკეანის სამ ერზე, თუმცა მისი მოგება მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს. რაც შეეხება წყნარი ოკეანის ჩემპიონატს, იქ ჯერაც არ უმარჯვიათ.

ისტორიაში საუკეთესო ნაკრები ტონგელებს 2015 წელს ყავდათ. იკალე ტაჰი ინგლისში რამდენიმე ვარსკვლავით და ძალიან დაბალანსებული გუნდით ჩავიდა. მიზნად ჯგუფიდან გასვლაც ჰქონდათ. მაგრამ მათ ამ ოცნებას პირველივე ტურში საქართველოს ნაკრებმა ცივი წყალი გადაასხა. ტონგელების ძალისმიერ თამაშს, ბორჯღალოსნებმა არანაკლები ძალა დაახვედრეს, წნეხში მოქცეულმა კუნძულელებმა არაორდინალური ვერაფერი მოიფიქრეს და დამარცხნენ. ტურნირზე საუკეთესო თამაში კი არგენტინელებთან ჩაატარეს, სადაც მხოლოდ ბოლო 15 წუთში გატყდნენ და მანამდე მათმა მექულე კურტ მორატმა, რამდენიმე იოლი დარტყმა გააცუდა.

სიპი ტაუ

ტონგელთა ზედმეტსახელი იკალე ტაჰია, რაც ქართულად ზღვის არწივებად ითარგმნება. სხვა წყნარი ოკეანის კუნძულების მსგავსად საბრძოლო ცეკვა მათაც აქვთ, რომელსაც სიპი ტაუ ეწოდება. თუმცა, სიპი ტაუ ტონგური წარმოშობის საბრძოლო ცეკვა არაა. ის მეზობელი ვოლისის კუნძულებიდან გადმოიღეს და მალევე ეროვნულ ცეკვადაც იქცა. პირველად სიპი ტაუს სარაგბო მატჩზე შესრულების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ყველაზე ძველი 1994 წლით თარიღდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს C ჯგუფს?

  • ინგლისი
  • საფრანგეთი
  • არგენტინა
  • ტონგა
  • აშშ

სათამაშო სტილი 

ტონგას სათამაშო სტილი ძალიან გავს სამოასას. იმ განსხვავებით, რომ ტონგელები შერკინებაზე და ფიზიკურ დომინაციაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ. ფიზიკური სიძლიერის გამო, 22–ში ძალიან ხშირად იყენებენ  აიღე და მიეძალეს ტაქტიკას და ცდილობენ მეტოქე დაჩეჩქვონ.

პირველ ხაზშიც ყოველთვის მაღალი დონის მორაგბეები ყავთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ეს ტაქტიკა არ უმართლებთ და ბოლო პერიოდში სულ მარცხდებიან.

დარბევაში და ხაზის გაგლეჯვაში აქტიურად იყენებენ შუამარბებსაც. ამ პოზიციის მორაგბეები ტონგელებს ტრადიციულად ძალიან ძლიერები ყავთ. როგორც ყველა კუნძულური ნაკრები, იკალე ტაჰი არც ძლიერი გარემარბების სიმცირეს უჩივის. სამოელების არ იყოს, ტონგელებიც მასიურები არიან და თამაშის ბოლოს, როგორც წესი, იღლებიან.

საკვანძო მოთამაშეები

სიონე კალამაფონი – ტონგელთა უდაო ლიდერი და ალბათ საუკეთესო მოთამაშე. ინგლისში დიდი წარმატებით თამაშობს. უნივერსალია, მესამე ხაზში ყველა პოზიციაზე და მეორე ხაზშიც შეუძლია თამაში. დაუღალავი მბოჭავია და როგორც ყველა ტონგელი, ფიზიკურად ძალიან ძლიერია.

სონატანე ტაკულუა – კუნძლელებს უკანა ხაზში ყველაზე დიდი პრობლემები, როგორც წესი ღერძზე აქვთ ხოლმე. თუმცა, ტაკულუა იშვიათი გამონაკლისია და მისი სახით იკალე ტაჰის მაღალი დონის ცხრა ნომერი ჰყავს. სწრაფი და ჯანიანი ბიჭია და ფეხსაც ძალიან კარგად ხმარობს. ინგლისური ნიუკასლის  ლიდერი და მთავარი კარში დამრტყმელია.

ბენ ტამეიფუნა – თუ ფორმაშია და წონის პრობლემა არ აწუხებს, მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ბურჯია. თანაბრად ძლიერია როგორც მიწოლაში, ასევე ღია თამაშში. ოლ ბლექსმა სწორედ დისციპლინაში პრობლემების გამო დაიწუნა და დიდი ბენიც ისტორიული სამშობლოს ნაკრებში გადავიდა სათამაშოდ.

სიალე პიუტაუ – ტონგელთა კაპიტანი. ჩარლზ პიუტაუს ძმა უკანა ხაზში ტონგელთა ლიდერია. თანაბრად ძლიერია როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად.  მიუხედავად იმისა, რომ ზელანდიელია, ნაკრებში სათამაშოდ ხშირად ჩადის.  

ტელუსა ვეაინუ - ტონგელთა 15 ნომერი, თუმცა  ფრთაზეც შეუძლია თამაში. ინგლისური ლესტერის მორაგბეა. სწრაფია და ძალიან კარგი მოფინტავეა.

ნაფი ტუიტავაკე – ტონგელთა კიდევ ერთი ზელანდიელი შუამარბი. სუპერ რაგბის საუკეთესო კლუბ ქრუსეიდერსში 2 სეზონი აქვს ნათამაშები. ნაკრებში ბოლო პერიოდია რაც თამაშობს, თუმცა მისი საუკეთესო წლები, წარსულს ჩაბარდა.

სამწვრთნელო შტაბი

ტონგელებს ლეგენდარული ტოუტაი კეფუ წრთვნის. კეფუ ავსტრალიის შემადენლობაში, 1999 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა და იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო რვა ნომერი იყო. თუმცა, სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი წარმატებით ვერ დაიკვეხნის. რამდენიმე წელი იაპონიაში მუშაობის შემდეგ, 2016 წელს სამშობლოში დაბრუნდა. მის ხელში ტონგა შერკინებაზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გახდა. საუკეთესო შედეგი კი 2016 წელს იტალიაში გამარჯვებაა. 

სათამაშო ტაქტიკაზე არანაკლებ მონდომებით კეფუ ზელანდიელი და ავსტრალიელი ტონგელების ნაკრებში გადმობირებაზე მუშაობს.  კეფუ ჩარლზ პიუტაუს დაყოლიებას ცდილობდა და ავსტრალიის ნაკრებიდან გაძევების შემდეგ, ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაში იზი ფოლაუსაც შესთავაზა.

ტონგელები ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში

ტონგელებს ახალ ზელანდიასთან და ავსტრალიასთან დიდი კავშირები აქვთ. ოლ ბლექსში და ვოლაბებში უამრავ ტონგური წარმოშობის ან ტონგაში დაბადებულ ვარსკვლავს უთამაშია( ჯონა ლომუ, ისრაელ ფოლაუ, ტოუტაი კეფუ, მალაკაი ფეკიტოა, ტანიელა ტუპოუ, ჩარლზ პიუტაუ). თუმცა, სანაცვლოდ იკალე ტაჰი შევსებას სწორედ ზელანდიიდან, ნაკრებში ვერ მოხვედრილი მორაგბეების ხარჯზე იღებს, რაც გუნდს დიდ ძალას მატებს. ტონგელები არიან ინგლისის ნაკრების ვარსკვლავები, ბილი და მაკო ვუნიპოლები და უელსის ვარსკვლავი, ტობი ფალეტაუ. იაპონელთა ერთ-ერთი ლიდერი, ამანაკი მაფიც, ტონგელია.

გზა მსოფლიო თასზე

ტონგა სიკვდილის ჯგუფშია, არგენტინასთან, საფრანგეთთან, ინგლისთან და აშშ-სთან ერთად. ამერიკელების გარდა, მათთან ყველა ფავორიტი იქნება, თუმცა ცუდ ფორმაში მყოფ საფრანგეთთან შეიძლება გაიბრძოლონ. მით უმეტეს, მსოფლიოზე მათი დამარცხების გამოცდილება კუნძულელებს უკვე აქვთ.

ჩვენს წინააღმდეგ

ტონგას პირველად ჯერ კიდევ 1999 წელს, მსოფლიოს თასზე გასასვლელ რეპერშაჟში ვეთამაშეთ. მართალია თბილისში გამარჯვება მოვახერხეთ, თუმცა, პირველ თამაშში, ნუკუალოფაში, დიდი ანგარიშით გვქონდა წაგებული და მსოფლიოზეც ტონგა გაემგზავრა. 

მომდევნო შეხვედრა 15 წლის შემდეგ, თბილისში შედგა და ისევ ტონგელთა გამარჯვებით დასრულდა. მას მერე კი ზედიზედ 4 თამაშია, მეტოქის დამარცხებას სულ ვახერხებთ. 

საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვება, 2015 წლის მსოფლიოზე, ტონგას ძალიან ძლიერი ნაკრების დამარცხებაა. ინგლისში ჯგუფიდან გასასვლელად ჩასულ ტონგელებს პირველივე მატჩში მოვუგეთ და ხასიათი წავუხდინეთ. 

დრამატულად, გაწითლებულ დროზე, დავით კაჭარავას ბოლო შეტევაში გატანილი ლელოთი მოვიგეთ 2016 წელს ფიჯიზე. ბოლოჯერ კი შარშან, მიხეილ მესხზე ვერაგბეთ და 20-9 გავიმარჯვეთ.

თავდებში დატოვებული მწვრთნელი

1999 წელს საქართველოს ნაკრებს რეპეშაჟში ტონგა ერგო და ქართველები მათთან სათამაშოდ გაემგზავრნენ. 

უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გამო გუნდში მხოლოდ 22 მორაგბე ირიცხებოდა.

ბორჯღალოსნები პირველად ფიჯიზე ჩავიდნენ, თუმცა გამოუცდელმა მენეჯმენტმა შეკრება ცუდად დაგეგმა და კვებისა და სასმელი წყლის თანხა, 12 900 დოლარი, ვალად დაგვედო. რა თქმა უნდა, თანხის დროულად ჩარიცხვა ვერ მოხერხდა და ლეგენდარული მწვრთნელი, გურამ მოდებაძე, რომელიც ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ფიჯელებმა ვალის თავდებში დაიტოვეს. მისი გამოხსნა მხოლოდ რამდენიმე დღეშიღა მოხერხდა.

ტონგელებმა მატჩი შუადღის სამ საათზე დაგვინიშნეს და ტროპიკულ სიცხესა და ნესტში 6-37 დავმარცხდით.

ჩვენი პროგნოზი

მეოთხედფინალში გასვლის ალბათ თავად ტონგელებსაც არ სჯერათ. ყველაზე თამამ ოცნებებში ორი თამაშის მოგებაზე თუ იფიქრებენ. აშშ-სთან ოდნავ უპირატესობა ექნებათ, შანსები 60/40-ზე. საფრანგეთი მართალია ცუდ ფორმაშია, მაგრამ მინიმალური შანსი (10%) ექნებათ. ინლისსა და არგენტინასთან აშკარა აუტსაიდერები არიან და დღეს მათთან გამაჯვება წარმოუდგენლად მოსჩანს.

დიდი ალბათობით, ტონგელები ჯგუფში მეოთხე ადგილს დაიკავებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები