Thumbnail
  • ხვიჩამ რუბინში თავის პირველ შთაბეჭდილებებსა და მიზნებზე ისაუბრა
  • 18 წლის გარემარბის ვარჯიში და ინტერვიუ კლუბის საიტმა გამოაქვეყნა 

საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი ყაზანის რუბინშია და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაფორმებულა, ახალგაზრდა ქართველი გარემარბი უკვე გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და კლუბის ოფიციალურ საიტს შთაბეჭდილებებსაც უზიარებს.

"ვიცი, რომ რუბინში არაერთ ქართველს უთამაშია და იმედი მაქვს, სწრაფად შევძლებ გუნდთან ადაპტირებას და შევეცდები, სარგებლობა მოვუტანო მას. ვისაუბრე მწვრთნელთან. რომან სერგეევიჩმა (შირონოვი) დამისახა ამოცანები, თუ რაზე უნდა ვიმუშაო. ერთმანეთს გავუგეთ. მოუთმენლად ველი მომავალ წვრთნას", - ამბობს ხვიჩა კლუბის პრესსამსახურთან.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი დახვდა, რომელმაც რუბინთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა. ხვიჩა და ზუკა ერთამენთს ჯერ კიდევ თბილისის დინამოში ერთად გატარებული პერიოდიდან იცნობენ.

18 წლის გარემარბმა ახალ გუნდში პირველი წვრთნა უკვე გამართა

"რუბინში, პირველივე დღიდან გვერდით მყავს მეგობარი - ზურიკო დავითაშვილი. მე და ზუკას ერთად მთელი ბავშვობა გვაქვს გატარებული თბილისის დინამოში და დღეს ნამდვილი მეგობრები ვართ. მან უკვე მოასწრო ჩემთვის ეჩვენებინა მთელი ბაზა და გაეცნო თანაგუნდელები".

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც რუსთავის ფეხბურთელი იყო, გასული სეზონის მეორე ნახევარი მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გაატარა. იყო მოლოდინი, რომ ქართველ ფეხბურთელსა და მოსკოვურ კლუბს შორის სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ასე არ მოხდა და ხვიჩა ყაზანში აღმოჩნდა.

ხვიჩამ მოსკოვის ლოკომოტივში რუსეთის თასი და ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა

"ბოლო ნახევარი წელიწადი მოსკოვის ლოკომოტივში გავატარე. ეს დიდებული დრო იყო. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ რუბინი დამიკავშირდა. ყაზანურმა წინადადებამ მომხიბლა, რადგა ჩემს ასაკში პროგრესი და მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა საჭირო. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ შემადგენლობაში დასამკვიდრებლად ბრძოლა მომიწევს. 

ჩემი მთავარი ამოცანა განვითარებაა, მინდა ზრდა გავაგრძელო და მოვუმატო თამაშში და რა თქმა უნდა, დავეხმარო ჩემს ახალ გუნდს", - დასძენს ფეხბურთელი.

📺 ხვიჩას ვარჯიში და ინტერვიუ რუბინში

კომენტარები

ბოლო ამბები