Thumbnail
  • ზამთრის ოლიმპიური თამაშები პიონჩანში 9 თებერვალს დაიწყება.
  • საქართველო თამაშებზე ოთხი სპორტსმენით გამოვა.
  • ყვითელაშვილმა ოლიმპიადის საგზური 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ინტერვიუ რუსულ ტელეარხ МИР-ს მისცა, სადაც იასუბრა იმაზე, თუ როგორ ემზადება პიონჩანის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად, როგორ ვითარდება ფიგურული ციგურაობა და რას გააკეთებს კარიერის დასრულების შემდეგ.

ოფიციალურად: საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე 4 სპორტსმენით გამოვა

პირველი სპორტსმენი ხართ, რომელმაც საქართველოს სახელით სამხრეთ კორეის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვეთ. ლიცენზია პირადად სერგეი ბუბკამ გადმოგცათ. როგორ ჩაიარა ცერემონიამ?

ეს საქართველოში, შეხვედრაზე მოხდა, სადაც სპორტსმენებიდან მხოლოდ მე ვიყავი. სერგეი ბუბკამ გადმომცა ბარათი - ოლიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია.

იმ მომენტში იგრძენით, რომ ოლიმპიადა სულ ახლოსაა?

სიმართლე გითხრათ, არა. მეგობარი სპორტსმენებისგან ვიცი, რომ სანამ ოლიმპიურ სოფელში არ შეაბიჯებ, ოლიმპიურ ატმოსფეროს ვერ შეიგრძნობ. 

ოლიმპიადაზე მონაწილეობა - თავისებურად, უკვე გამარჯვებაა. თქვენ საქართველოს მთავარი იმედი ხართ. როგორია, იყო მთელი ქვეყნის ორიენტირი ფიგურულ ციგურაობაში?

ეს ძალიან ამაღელვებელია. ვგრძნობ, ჩემ გამო როგორ განიცდიან და მქომაგობენ.

მორის ყვითელაშვილმა ლიცენზია შარშან მოიპოვა

თქვენი აზრით, რატომ მოხდა, რომ საქართველოში ფიგირული ციგურაობით განსაკუთრებულად სწორედ ამ ოლიმპიური სეზონისთვის დაინტერესდნენ?

დიდი ინტერესი უწინაც იყო, უბრალოდ, არ იყო პირობები, რათა მსოფლიოს დონის კარგი სპორტსმენები აღზრდილიყვნენ. ქვეყანაში აქცენტს კონკრეტულად ფიგურულ ციგურაობაზე არ აკეთებდნენ.

თავად როგორ მოხვედით სპორტის ამ სახეობაში?

სპორტული ოჯახიდან ვარ. მამა ველოსპორტს მისდევდა, ძმა - ცურვას, დედა - ფიგურულ ციგურაობას. მამას კატეგორიულად არ სურდა, რომ ველოსპორტით დავკავებულიყავი და ალბათ ამიტომ მიმიყვანეს ფიგურულ ციგურაობაზე. ბავშვის ცხოვრებას ხომ მშობლები აკონტროლებენ, წარმართავენ მას და უკვალავენ გზას. ოთხი წლის ვიყავი, ციგურაობა რომ დავიწყე.

როდის გაიაზრეთ, რომ ციგურაობა თქვენი ცხოვრებისეული არჩევანი იყო?

ალბათ, 13 წლისამ. ეს იყო პერიოდი, როდესაც უნდა მიმეღო გადაწყვეტილება - ან დამესრულებინა ყველაფერი, ან სერიოზულად დამეწყო ვარჯიში. წინა მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა გამიჭირდა. გვქონდა ოჯახური საბჭო, სადაც ვარჯიშის გაგრძელებაზე თანხმობა აცრემლებულმა ვთქვი. და ეს არც არასდროს მინანია, დღემდე ვციგურაობ.

არსებობს მოსაზრება, რომ ფიგურული ციგურაობა აკრობატულ შოუს ემსგავსება - ოთხმაგი ნახტომი პროგრამაში სულ უფრო ხშირია. ეთანხმებით?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს - ვეთანხმები და არც ვეთანხმები. ფიგურული ციგურაობა ვითარდება, ჩნდება ბევრი საინტერესო პროგრამა და დადგმა. ფიგირული ციგურაობის დონე გაიზარდა, პროგრამაში 5-6 ოთხმაგ ნახტომს ასრულებენ. დღეს მოციგურავეს ხტომაც უნდა შეეძლოს და ცეკვაც. ამასთვის კი ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. 

მინდა, რომ საქართველოში კარგი საციგურაო გააკეთონ და შექმნან პირობები.

როგორია სპორტსმენის დღე ოლიმპიური სეზონის წინ. რამდენად დატვირთულია ის?

ვვარჯიშობთ მთელი დღის განმავლობაში - ყინულზე დილით შევდივართ და საღამოს გამოვდივართ. პროგრამები და მუსიკა მწვრთნელებთან ერთად შევარჩიე. მწვრთნელებმა რაც შემომთავაზეს, მომეწონა. მუსიკის შერჩევა გაჭიანურდა, ჩემ ვარიანტს ვთავაზობდი. 

სეზონის დასაწყისში მოცარტის მუსიკაზე დავდგით პროგრამა, მაგრამ მოგვიანებით შევცვალეთ, რადგან მტემპი ჩემთვის ზედმეტად სწრაფი იყო და ნახტომებს ნორმალურად ვერ ვაკეთებდი. 

ადრე თუ გვიან, სპორტსმენის კარიერა დასრულდება. თქვენ თავს სად ხედავთ?

ალბათ, შოუში გამოვალ, ხელს სამწვრთნელო საქმეს მოვკიდებ და ვიმღერებ.

ვისურვებდი, რომ საქართველოში კარგი საციგურაო გააკეთონ და შექმნან პირობები, რათა ახალი თაობის სპორტსმენებმა თავიანთი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა შეძლონ.

კომენტარები

ბოლო ამბები