Thumbnail

'ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა!' - არიენ რობენმა კარიერა დაასრულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არიენ რობენმა დაადასტურა, რომ კარიერას ამთავრებს
  • ჰოლანდიელი ურთულეს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

ჰოლანდიელი დრიბლიორი აღარ ითამაშებს! არიენ რობენმა 35 წლის ასაკში კარიერის დამთავრება გადაწყვიტა.

ბოლო თვეებში არ წყდებოდა სპეკულაციები იმის შესახებ, თუ სად გააგრძელებდა კარიერას რობენი მას მერე, რაც გადაწყდა, რომ მიუნხენის ბაიერნი მას ახალ კონტრაქტს აღარ უფორმებდა. ხუთშაბათს, ნაშუადღევს, ჰოლანდიელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კარიერას ამთავრებს.

არიენ რობენს ბაიერნში ახალი კონტრაქტი არ გაუფორმეს

“გადავწყვიტე, რომ ფეხბურთის თამაშს შევეშვა. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. ეს ურთულესი ნაბიჯია ჩემს კარიერაში,” - ციტირებს რობენის სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა ‘ტელეგრაფი’.

გახსოვთ ასეთი რობენი?

არიენ რობენს კარიერაში 602 მატჩში 210 გოლი აქვს გატანილი და 162 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ჰოლანდიის ნაკრებში მან 96 მატჩის (2003-2017) ჩატარება მოასწრო და 37 გოლი გაიტანა. ჯამში მის აქტივში 28 ტიტულია. 

კარიერის საუკეთესო წლები რობენმა უდავოდ მიუნხენის ბაიერნში გაატარა, სადაც ბუნდესლიგის 201 მატჩში 99 გოლის გატანა შეძლო, გერმანიის თასზე 32 მატჩში 16 გოლი შეაგდო, ჩემპიონთა ლიგაში კი - 110 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. გერმანულ გრანდში რობენმა 10 წელი (2009-2019) ითამაშა. მანამდე, ორი წლის განმავლობაში მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა (50 მატჩი, 11 გოლი), რეალამდე კი ლონდონის ჩელსიში თამაშობდა (67 მატჩი, 15 გოლი). მან კარიერა გრონინგენში დაიწყო, საფეხბურთო ევროპამ კი ეინდჰოვენიდან გაიცნო, სადაც ორ წელიწადში, 56 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

ჰოლანდიელ დრიბლიორს ხშირად სტანჯავდა ტრავმები. ბაიერნის ფორმით უმნიშვნელოვანესი გოლი მან ჩემპიონთა ლიგის 2013 წლის ფინალში გაიტანა (2:1 დორტმუნდის ბორუსიასთან). თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ წელს რობენს კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა - მიუნხენურ გრანდთან ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გერმანული და ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, რობენს აშშ-სა და ჩინეთში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

რობენი რეალში 2007-დან 2009 წლამდე თამაშობდა

კომენტარები

ბოლო ამბები