Thumbnail

'შეიძლება ითქვას, აქ დავიბადე' - ჯანო ანანიძეს უყვარს მოსკოვის სპარტაკი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის ქართველი ნახევარმცველი სპარტაკთან ერთად ემზადება
  • ანანიძე იმედოვნებს, რომ ამ გუნდში თავის გამოჩენას მოახერხებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკშია და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე ემზადება. 26 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაშიც ითამაშა, ბოლოს, უნგრულ დიორ ეტოსთან თამაშში კი საგოლე პასითაც გამოირჩა.

ჯანოს პასით დიორთან ანგარიში გიორგი მელქაძემ გახსნა

მოსკოვურ კლუბში ჯანოს კარიერა გამუდმებულმა ტრავმება დააზარალა, გასული სეზონის მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელმა იჯარით კრილია სოვეტოვში გაატარა, სპარტაკში დაბრუნებული კი იმედოვნებს, რომ ბოლოს და ბოლოს შეძლებს გუნდში დამკვიდრებასა და თავის გამოჩენას.

ჯანო ანანიძემ რუსულ sportbox-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მზადების პროცესზე ილაპარაკა:

"შეკრების პირველი ნაწილი ძალიან მძიმე იყო, ბევრს დავრბოდით. რამდენი ხანია სპარტაკში ვარ, მაგრამ ასეთი დატვირთვები არ მახსენდება. თუმცა, საგანგაშო არაფერი ყოფილა და ძალა გამოცლილი ძირს არ დავცემულვარ. დღეს სხვა ფეხბურთია, 10-15 წლის წინ კი სხვა იყო. მართალია, ჩემი ძლიერი მხარე ტექნიკაა, მაგრამ ბევრი სირბილი და დაცვაში მუშაობა აუცილებლად საჭიროა. მე ამისთვის მზად ვარ.

ახლა უფრო მეტად ბურთით ვმუშაობთ. დატვირთვა მაღალი და ინტენსიურია, მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა. განწყობა სამუშაოა, შევდივართ ფორმაში. ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვართ, მაგრამ სეზონის სტარტამდე წინ კიდევ 10 დღეა”, - ამბობს ჯანო. 

ჯანომ სეზონის მეორე ნახევარი იჯარით კრილია სოვეტოვში გაატარა

ჯერ კიდევ შარშან შემოდგომით იყო საუბარი იმაზე, რომ მოსკოვის სპარტაკისა და ჯანო ანანიძის გზები გაიყრებოდა. საბოლოოდ ქართველი კრილიაში აღმოჩნდა, იჯარიდან დაბრუნებული კი სპარტაკში რჩება. 

"მსურდა დავბრუნებულიყავი და დამემტკიცებინა, რომ ამ კლუბს ვიმსახურებ. აქ უკვე 10 წელიწადია ვარ, მაგრამ საუკეთესო სეზონი როსტოვში გავატარე - ბევრი გოლი, პასი, რუსეთის თასი… მართალია, სპარტაკთან ერთად ჩემპიონი გავხდი, მაგრამ ინდივიდუალური თვალსაზრისით, თავი უკეთესად სწორედ როსტოვში წარმოვაჩინე. მსურს, ყველას როსტოვში გამოსვლით კი არა, სპარტაკში თამაშით დავამახსოვრდე.  სამარაში იმისთვის წავედი, რომ უფრო ძლიერი დავბრუნებულიყავი".

რუსეთში ლეგიონერებზე ახალი ლიმიტი უნდა ამოქმედდეს. ქართველ ნახევარმცველს ეს არ აშფოთებს:

"ფეხბურთელი ვარ და ამასთან დაკავშირებით მე რა უნდა ვთქვა? რადგან გადაწყვიტეს, თანახმა ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ სპარტაკში დარჩენისთვის რვა საუკეთესოს შორის უნდა მოვხვდე. ამისთვის მზად ვარ, პრობლემა არაა. ჩემთვის სულერთია, როგორი იქნება ლიმიტი". 

ანანიძეს ცსკა-სთან შეხვედრაში ფეხბურთელების გაშველებაც მოუხდა

ჯანო სპარტაკს სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა:

"სანამ სპარტაკში ვარ, მაქსიმუმს გავიღებ, რათა კლუბს დავეხმაროთ. ეს სახალხო გუნდია და მე მიყვარს ის. შეიძლება ითქვას, რომ აქ დავიბადე".

კომენტარები

ბოლო ამბები