Thumbnail

ჩოგბურთის ვუნდერკინდი კოკო - 15 წლის ბავშვი ყველა დროის რეკორდს უმიზნებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კორი გაუფის მიზანი რეიტინგში პირველი ადგილია
  • ამერიკელ თინეიჯერს მორიგი გამოცდა პარასკევს ელის

შარლოტ დოდის შესახებ გსმენიათ? 1887 წელს მან უიმბლდონი მოიგო და იმ დროს მხოლოდ 15 წლის და 285 დღის იყო. ეს რეკორდია.

132 წლის შემდეგ, ამ რეკორდს საფრთხე ემუქრება. კორი “კოკო” გაუფი, რომელმაც უიმბლდონის ღია პირველობის პირველ წრეში ვენუს უილიამსი დაამარცხა, მეორე წრეში კი მაგდალენა რიბარიკოვას მოუგო, 13 ივლისს 15 წლის და 122 დღის იქნება. ასეთი გრანდიოზული სენსაციის მოხდენა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ ქალთა ჩოგბურთში დღეს გამორიცხული არაფერია - მით უმეტეს მას შემდეგ, რაც კოკომ ვენუს უილიამსი ძალიან მარტივად დაამარცხა. თუ მან უიმბლდონის მოგება შეძლო - დიდი სლემის ტურნირების ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდება.

📺 ვიდეო: გაუფის გამარჯვება რიბარიკოვასთან (მიმოხილვა)

თავად ამერიკელი ვუნდერკინდი საკმაოდ თავდაჯერებულია: “ტურნირის მოგება მინდა!” - თამამად აცხადებს კოკო გაუფი. პარასკევს, 1/16 ფინალში მისი მეტოქე სლოვენიელი პოლონა ჰერცოგი იქნება, რომელიც ბევრი ტატუებითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი 28 წლისაა და მე-60 ჩოგანია. თუ კოკოს პირველ ორ მატჩს გავითვალისწინებთ, მისი მხრიდან ჰერცოგის დამარცხება უკვე აღარავის უნდა გაუკვირდეს.

“თამაშის წინ YouTube-ზე მაკიაჟის ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე. ეს ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. მიყვარს იუმორისტული გადაცემები და კომედიები,” - აცხადებს გაუფი.

“უილიამსთან გამარჯვების შემდეგ, უამრავმა ადამიანმა მომწერა და მომილოცა. მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები და მუსიკოსებიც. ყველაზე მაგარი კი ოჯახის წევრებთან ლაპარაკი იყო - ვიდეოზარის დროს ვხედავდი, როგორ დახტოდნენ და ყვიროდნენ ტელევიზორის წინ. უბედნიერესი ვიყავი,” - დასძენს კოკო.

📺 ვიდეო: გაუფის გამარჯვება ვენუს უილიამსთან (მიმოხილვა)

შეუძლია თუ არა 15 წლის ამერიკელს 13 ივლისს მართლაც უიმბლდონის მოგება? ეს თუ მოხდა, ჩოგბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია იქნება. გაუფმა უკვე დაამტკიცა, რომ დიდი ჩოგბურთის თამაში შეუძლია, მაგრამ ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და რთული წარმოსადგენია, რომ 3 კვირის განმავლობაში ამ დონის შენარჩუნება შეძლოს. რაც უნდა იყოს, მან 3 საკვალიფიკაციო წრე გაიარა. თანაც, მომავალი მეტოქეები მას უკვე ძალიან სერიოზულად უყურებენ - კოკოსთან იოლ გამარჯვებას აღარაცინ გეგმავს.

თუკი გაუფი ჰერცოგის ბარიერს გადალახავს, მერვედფინალში ან მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან სიმონა ჰალეპს დაუპირისპირდება, ანაც ბელარუს ვიკტორია აზარენკას. 

“ვენუსთან გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდი. ჩემი მიზანია, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვიყო.” - ამბობს გაუფი.

კომენტარები

ბოლო ამბები