Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მეკარემ კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
  • 33 წლის გოლკიპერი თემურ ქეცბაიას გუნდში მესამე ქართველი ლეგიონერია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას ფამაგუსტას ანორთოსისში გააგრძელებს. ამის შესახებ ანორთოსისის ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, 33 წლის ქართველ ფეხბურთელსა და კვიპროსულ კლუბს შორის ხელშეკრულება 2021 წლამდე გაფორმდა.

"მივესალმებით გიორგი ლორიას ჩვენს გუნდში მობრძანებას და ვუსურვებთ მას ანორთოსის მაისურით მრავალი წარმატების მიღწევასა და ტიტულების მოგებას", - ნათქვამია კლუბის საიტზე.

გიორგი ლორიას კვიპროსულ კლუბში ასე შეხვდნენ

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გიორგიმაც გააკეთა:

"პირველი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. ანორთოსისი კარგი კლუბია და ვფიქრობ, რომ წინ ყველაფერი საუკეთესო მელოდება. ჩვენი მიზანია, რომ ლიგაში საუკეთესოები ვიყოთ და ჩემპიონები გავხდეთ. გუშინ ღია ვარჯიში გვქონდა, ძალიან კარგი გარემო იყო და როგორც მივხვდი, აქ გულშემატკივრებს დიდი ძალა აქვთ. იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს გუნდისთვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. მოდი,  გავაკეთოთ ეს".

გიორგი ლორია მესამე ქართველი ლეგიონერია ანორთოსისში, რომელიც სეზონის წინ თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა. კლუბში ასევე ირიცხებიან ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილის საკითხი კი ახლო მომავალში უნდა გადაწყდეს. 

გიორგი ლორია თბილისის დინამოს აღზრდილია, რომლის ღირსებას 2014 წლამდე იცავდა და შემდეგ საბერძნეთში, კრეტას ოფი-ში გადაბარგდა. 2015-18 წლებში გიორგი რუსეთში გამოდიოდა, სადაც სამარის კრილია სოვეტოვისა და მახაჭყალის ანჟის ღირსებას იცავდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი ლორიამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მაგდებურგში გაატარა, რომელსაც ამ ზაფხულს დაშორდა. 

გიორგი ლორიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე 52 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები