Thumbnail

სიტის უძვირფასესი ტრანსფერი - როდრი ოფიციალურად მანჩესტერელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 23 წლის ესპანელი სიტის ღირსებას მომავალი 5 სეზონის განმავლობაში დაიცავს
  • ნახევარმცველის ტრანსფერით გვარდიოლა განსაკუთრებით იყო დაინტერესებული

მანჩესტერ სიტიმ თავის ოფიციალურ საიტზე როდრიგო ერნანდესის (როდრი) ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. ინგლისურ კლუბს 23 წლის ესპანელი ნახევარმცველის დამატება, რომელიც მანამდე მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა, 70 მილიონი ევრო დაუჯდა. 

ეს მანჩესტერ სიტითვის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია. 

როგორც მანჩესტერ სიტი იუწყება, ფეხბურთელთან კონტრაქტი ხუთი სეზონით გაფორმდა - 2024 წლის ზაფხულამდე. ესპანელი გუნდის ღირსებას 16-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

23 წლის ესპანელი ინგლისის ჩემპიონების ღირსებას 16-ნომრიანი მაისურით  დაიცავს

როდრის მანჩესტერში გადაბარგების შესახებ ცნობა პირველად მადრიდის ატლეტიკომ გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ სიტიმ როდრის კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლო თანხა გადაიხადა. მანამდე იუწყებოდნენ, რომ ესპანელის დამატებით პირადად მანჩესტერ სიტის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ინტერესდებოდა, რომელიც როდრიგო ერნანდესს სამომავლოდ ფერნანდინიოს შემცვლელად განიხილავს. 

როდრიგო ერნანდესი ატლეტიკოში გასული წლის ზაფხულში, ვილიარეალიდან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები