Thumbnail

ლუკა დონჩიჩის ფენომენალური სეზონი - ყველაზე მაგარი ახალწვეული ლიგაში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

ახლახან, NBA-ში წლის საუკეთესო კალათბურთელები დაასახელეს. ინტრიგა თითქმის ყველა ნომინაციას ახლდა, გარდა ერთისა - ყველასთვის ნათელი იყო, რომ წლის საუკეთესო ახალწვეულის (ROTY) პრიზს ლუკა დონჩიჩი დაეუფლებოდა. მან წელს ლიგაში ფურორი მოახდინა - ითამაშა სუპერვარსკვლავის დონეზე, იმდენად კარგად, რომ მისი სხვა ახალწვეულებთან შედარება, ცოტა უხერხულიც იყო. ეს იყო ბოლო წლების ერთმნიშვნელოვნად ყველაზე შთამბეჭდავი სტარტი NBA-ს ახალწვეულისთვის.

ლუკა დონჩიჩი მხოლოდ 20 წლისაა. ანუ, იმ ასაკშია, როდესაც NBA-ში კარიერას იწყებენ ხოლმე, თუმცა, რეალობაში მან დიდი კალათბურთის თამაში დიდი ხანია დაიწყო. დონჩიჩი ფენომენია იმ გაგებით, რომ მან თავისი საკალათბურთო ზრდა ძალიან ადრე დაასრულა - 16 წლის ასაკში უკვე მადრიდის რეალში თამაშობდა და თუ ფიქრობთ, რომ რეალში თამაში ადვილია, ძალიან ცდებით.

დონჩიჩი იმ გუნდის ლიდერი იყო, რომელშიც ესპანეთის ნაკრების ლიდერები და NBA-ს გამოცდილების მქონე მოთამაშეები - რუდი ფერნანდესი, სერხიო როდრიგესი და სერხიო იული (შენიშვნა: იულის NBA-ში არ უთამაშია) თამაშობდნენ. ამერიკაში გადასვლის მომენტში მას ევროპაში უკვე ყველაფერი მოგებული ჰქონდა - მათ შორის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიის ნაკრებთან ერთად.

ბუნებრივია, რომ მას შემდეგ, რაც დონჩიჩს უკვე 20 წლის ასაკში ამ დონის კალათბურთი აქვს ნათამაშები, მას NBA-ში ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონია - იგი ლაღად და თვითრწმენით, ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე თამაშობდა. 

ბავშვობიდან ფენომენი

დონჩიჩისთვის უფროსებთან თამაში ბავშვობიდან ორგანული ამბავია. იგი ადრეული ასაკიდან იმდენად ფენომენალური ნიჭით იყო გამორჩეული, რომ თავისი ასაკის ბავშვებთან არ ათამაშებდნენ. ლიუბლიანას ოლიმპიას ახალგაზრდულ გუნდში 8 წლის ლუკა დონჩიჩის პირველივე ვარჯიში თანატოლებთან მხოლოდ 16 წუთს გაგრძელდა - ის იმდენად აღემატებოდა დანარჩენებს, რომ თამაშს უბრალოდ აზრი არ ჰქონდა - ის მაშინვე 3 წლის უფროსებთან, 11 წლის ბავშვებთან გადაიყვანეს. შემდეგ იგი უკვე 14 წლამდე გუნდში ვარჯიშობდა, თამაში კი, მასზე 3-4 წლით უფროს 12 წლამდე მოზარდებთან უწევდა. 13 წლის ასაკში მან რეალთან კონტრაქტს მოაწერა ხელი - ევროპაში ყველამ იცოდა, რომ ახალი ფენომენი დაიბადა.

დრაფტზე დონჩიჩი მხოლოდ მესამე ნომერი იყო, თუმცა თავის პირველსავე სეზონში მას თამაშში 21.2 ქულა ჰქონდა.

მისი ეს მაჩვენებელი ისტორიული მნიშვნელობისაა, ბოლო 30 წელიწადში - ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი. შედარებისთვის, მაგალითად, თავის პირველ სეზონში ლებრონ ჯეიმსს თამაშში 20.9 ქულა ჰქონდა.

დონჩიჩის თამაშში 21 ქულა ძალიან ბევრია იმის გათვალისწინებით, რომ იგი არამხოლოდ ყრის, არამედ თავისი გუნდის მთელ თამაშს უძღვება - დონჩიჩი არ არის პატარა გუნდის სტანდარტული ვარსკვლავი, რომელსაც მთელი გუნდი ხელს უწყობს კარგი სტატისტიკა რომ ჰქონდეს - პირიქით, დონჩიჩი ზრუნავს იმაზე, რომ მთელი გუნდი ათამაშოს.

მისი გამოყენების ინდექსი დაახლებით 30.5-ია, დაახლოებით იმდენივე, რაც, მაგალითად, ლებრონ ჯეიმსის (31.5). ანუ, იგი თავისი გუნდის თამაშს ისეთივე სტილში და სიხშირით უძღვება, როგორც ლებრონი - მუდამ ბურთი აქვს, აკონტროლებს თამაშის ტემპს, ანაწილებს ბურთს და სროლებს და საჭიროების შემთხვევაში თავის თავზე იღებს თამაშს.

წაიკითხე | კევინ დურანტის რეალური ძალა - ყველაზე სრულყოფილი შემტევი იარაღი

როგორ თამაშობს ლუკა დონჩიჩი

ლუკა დონჩიჩის ერთ-ერთი მთავარი იარაღი მისი მულტიფუნქციურობაა - მას პარკეტზე ერთდროულად სამი პოზიციის თამაში შეუძლია - ლუკა თამაშობს როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელ გარდად და მსუბუქ ფორვარდად. მასთან ერთად გუნდის ტაქტიკის შეცვლა და ხუთეულის გადაწყობა ძალიან მარტივია - NBA-ში გატარებული მთელი დროის 71 პროცენტი მან მსროლელ გარდად ითამაშა, 21 პროცენტი მსუბუქ ფორვარდად, 7 პროცენტი კი - გამთამაშებლად.

დონჩიჩის მულტიფუნქციორობას მისი ფიზიკური აღნაგობა განაპირობებს. იგი 201 სანტიმეტრის სიმაღლისაა - იგივე სიმაღლე, რაც, მაგალითად, ნომინალურ მსუბუქ ფორვარდს კავაი ლეონარდს აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დონჩიჩის ორგანიზმი ზრდას კიდევ აგრძელებს - NBA-ში ჩასვლის შემდეგ, სულ რაღაც 1 წელიწადში ის საგრძნობლად გაიზარდა და ბევრად უფრო ათლეტური გახდა. ათლეტურობის თვალსაზრისით, NBA-ს და რეალის დონჩიჩი ფაქტობრივად სხვადასხვა მოთამაშეა. ამ სიმაღლის და ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშე, მაგალითად, მეტოქის გამთამაშებლებისა და ნაკლებად გაბარიტული გარდებისთვის ძალიან რთული შესაჩერებელია. გაბარიტების მიუხედავად, დონჩიჩი ბურთს ისე ფლობს, როგორც ლიგის ელიტური გამთამაშებლები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ დონჩიჩი თავად ქმნის საკუთარ სროლებს - ანუ, მისი თამაში პარტნიორებზე ნაკლებადაა დამოკიდებული. დონჩიჩის ორქულიანების მხოლოდ 19 პროცენტია პასის შემდეგ შესრულებული.

თანაგუნდელებმა იციან, რომ მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დონჩიჩს მიანდონ შეტევა და იგი დამოუკიდებლად გადაწყვეტს შეტევის ბედს.

დონჩიჩის სროლა

ლუკა დონჩიჩის მთავარი იარაღი მისი სროლაა - ის ძალიან კარგად ისვრის. მისი სროლის პროცენტი პირველ სეზონში იდეალური არ იყო - სამქულიანიდან მხოლოდ 32.7 პროცენტი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მისი გუნდის სპეციფიკიდან გამომდინარე, დონჩიჩს ხშირად უწევდა რთული სროლების თავის თავზე აღება. ამის მიუხედავად, მისი სროლა, კერძოდ კი, სროლის ტექნიკა - გამორჩეულია. დონჩიჩი ძალიან კარგად ხტება მისგან უკან  და ისე ისვრის, რომ მისი დაფარება თითქმის შეუძლებელია  - სროლა რომელსაც კობი და დირკ ნოვიცკი ფლობდნენ.

სლოვენიელი ძალიან კარგად ისვრის გრძელ და საშუალო ორქულიანებს - იმ ფონზე, როდესაც დონჩიჩი ლიგის საუკეთესო ათლეტებს შორის არ შედის (თუმცა, კარგი ათლეტია), მისთვის საშუალო მანძილიდან შეტევა იდეალური ვარიანტია.

ლუკა დონჩიჩს გაუმართლა გუნდშიც. დალასი ახალი გუნდის შენებას იწყებს და ფენომენალური პირველი სეზონის შემდეგ რთული მოსახვედრი არ არის, რომ რიკ კარლაილი და მარკ კუბანი, ტექსასელთა მთავარი მწვრთნელი და მფლობელი, თავის გუნდს სწორედ დონჩიჩის გარშემო ააწყობენ. დალასს ამ სეზონის წინ ბევრი ამბიცია არ ჰქონია, დასავლეთში ტექსასელებს ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდად მიიჩნევდნენ. ამ სიტუაციამ დონჩიჩს საშუალები მისცა, რომ სეზონი კომფორტულად, ზედმეტი სტრესის გარეშე დაეწყო და მისმა გუნდმა ბევრა უკეთესი სეზონი ჩაატარა, ვიდრე ელოდნენ - დიდი ხნის განმავლობაში დალასი საპლეიოფო ადგილებზეც კი იყო.

წაიკითხე | მისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ ვეიდის 15 წელი

დონჩიჩს გაუმართლა მწვრთნელშიც. რიკ კარლაილი წლების მანძილზე დალასში მუშაობს და მისი გუნდი ყოვლთვის ინტელექტუალურ და კომბინაციურ, პასის კულტურაზე დაფუძნებულ კალათბურთს თამაშობდა. ეს თამაში დონჩიჩის სტილთან ყველაზე ახლოს არის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დალასს ევროპელების გუნდში ინტეგრაციის დიდი გამოცდილება აქვს - სწორედ ამ გუნდში იქცა ლეგენდად დირკ ნოვიცკი, ახლა კი დონჩიჩთან ერთად ტექსასელებმა კრისტაპს პორზინგისიც გადაიბირეს.

დონჩიჩის პროგრესი შემდეგ სეზონებშიც გაგრძელდება. უკვე შემდეგ წელს, პორზინგისის გამოჯანმრთელებასთან ერთად, დალასს კარგი შანსი აქვს, პლეი ოფში გავიდეს. დონჩიჩი კი ყველა პროგნოზით ბევრი შემდეგი წლის მანძილზე ლიგის საუკეთესო მოთამაშეების რიცხვში იქნება. მის გვერდზე ისტორიული მაგალითია - დირკ ნოვიცკი, ალბათ საუკეთესო ევროპელი, ვისაც კი NBA-ში უთამაშია. ფენომენალური პირველი სეზონის შემდეგ, დონჩიჩისთვის ნოვიცკის სიმაღლე მიუღწევლად არ ჩანს.

კომენტარები

ბოლო ამბები