Thumbnail

'ყველაფერი წინ არის... ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ' - ბათუმელები მარცხის შემდეგ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე გაიმართა
  • თბილისის დინამომ ბათუმის დინამოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა, სადაც თბილისის და ბათუმის დინამოების დაპირისპირება შედგა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

თბილისელთა რიგებში გოლები გიორგი პაპავამ და ლევამ კუტალიამ გაიტანეს, ბათუმური გუნდის შემადგენლობაში კი ზუსტი საჯარიმო დარტყმით თავი ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინა. მატჩის შემდეგ, ბათუმური გუნდის ფეხბურთელებმა popsport.com-ს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. სანამ კომენტარებს გაგაცნობთ, აღვნიშნოთ, რომ ეროვნულ ლიგაში 1-თვიანი პაუზაა. მომდევნო ტურის შეხვედრები 2, 3 და 4 აგვისტოს გაიმართება…

ლადო დვალიშვილი (ბათუმის დინამო)

“დასანანი მარცხი იყო. თამაშიდან გამომდინარე, ფრე იქნებოდა კანონზომიერი შედეგი. მთავარია, რომ საჩემპიონო ბრძოლაში ვართ და კონკურენტებთან საკუთარ მოედანზე მოგვიწევს თამაში. წინ შესვენებაა, რომელიც კარგად უნდა გამოვიყენოთ. დარჩენილ ტურებში უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე აქამდე ვიყავით. ახალი მოსული ვარ გუნდში და 1-თვიან პაუზას სწორედ ადაპტაციისთვის გამოვიყენებ”.

ლადო დვალიშვილი

ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო)

“90 წუთი ვიბრძოლეთ მოსაგებად, მაგრამ ეს ფეხბურთია და თამაში ყოველთვის არ მთავრდება ისე, როგორც გვინდა. საკუთარ მოედანზე უფრო კომფორტულია თამაში, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ გასვლით შეხვერებში განსაკუთრებული პრობლემები გვაქვს. ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ. რაც შეეხება ჩემ გოლს, მერჩივნა რომ სულ არ გამეტანა, მაგრამ 3 ქულა აგვეღო”.

ჯოვინო ფლამარიონი საგოლე დარტყმამდე წამებით ადრე

ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმის დინამო)

“ვფიქრობ, შეტევაში აგრესია დაგვაკლდა და რომ არა ეს ფაქტორი, მეტ გოლს გავიტანდით. 1:1-ზე შეგვეძლო გატანა და წინ გასვლა, მაგრამ კონტრშეტევა გაგვეპარა და აქეთ გაგვიტანეს. იღბალმაც ზურგი გვაქცია და ალბათ, უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა. ახალმა ფეხბურთელებმა გაგვაძლიერეს, მაგრამ შეთამაშება სჭირდებათ და ამიტომ, პაუზა გუნდს დადებითად წაადგება. ჩემპიონატის ლიდერი მხოლოდ 2 ქულით გვისწრებს, ვაგრძელებთ ბრძოლას და ყველაფერი წინ არის. შემართებით ვართ და ორი აზრი არ არის, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”. 

ბურთით ვლადიმერ მამუჩაშვილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები