Thumbnail
  • დინამო თბილისი 2:1 დინამო ბათუმი
  • 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოვიდა
  • ჩისკოს გუნდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და ცხრილში გალიდერდა

თბილისში, "დინამო არენაზე" ეროვნული ლიგას 21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისისა და ბათუმის დინამოები დაუპირისპირდნენ. ამ ტურამდე გია გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილს 39 ქულით, საბურთალოსთან ერთად ლიდერობდა, თბილისელები კი სულ ქულით ჩამორჩებოდნენ უმთავრეს მეტოქეებს.

ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმელებთან დაძაბულ შეხვედრაში შეძლო მოგება (2:1) და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. აღსანიშნავია, რომ ეს თბილისის დინამოს ზედიზედ მეშვიდე მოგებაა ჩემპიონატში.

ჩისკოს გაწვრთნილებმა ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგეს

"დინამო არენაზე" თამაში თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო და ანგარიშიც უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან მასპინძელთა იერიშის შემდეგ, კარში ლევან კუტალია თავით ურტყამდა. ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძემ მოგერიება შეძლო, მაგრამ გიორგი პაპავას დამატებაში ხელი ვეღარ შეუშალა.

1:0 პაპავა 4'  

გაშვებულმა სწრაფმა გოლმა ბათუმელებზე უარყოფითად ვერ იმოქმედა და გეგუჩაძის გუნდმაც ანგარიშის გათანაბრებმა მალევე მოახერხა. თბილისელთა საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული სტანდარტი ჯოვინო ფლამარიონმა გოლად აქცია.  22 წლის ბრაზილიელმა უბრალოდ ბრწყინვალედ დაარტყა.    

1:1 ფლამარიონი 26'

შესვენებამდე ბათუმელებს ანგარიშში წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ ნიკა საბანიძის დარტყმული პერალესმა მოიგერია.

მაგრამ კიდევ უფრო კარგი, უფრო ზუსტად კი, ასპროცენტიანი მომენტი თბილისელებს ჰქონდათ. აკაკი შულაიას ბრწყინვალე პასის შემდეგ, სტუმართა მეკარესთან პირისპირ ლევან შენგელია დარჩა, მაგრამ მისი თავური ალავიძემ ნახტომში უკუაგდო.

ალავიძის სეივი

შესვენების შემდეგ თბილისის დინამო შესამჩნევად გააქტიურდა, მიხეილ ალავიძე კი მორიგი სეივით გამოირჩა. 59-ე წუთზე, ფლანგიდან შულაიას ჩაწოდების შემდეგ, თბილისელთა ახალწვეული ნოდარ ქავთარაძე ახლო მანძილიდან, ეფექტურად ურტყამდა. ბათუმის დინამოს მეკარემ და კაპიტანმა რეაგირება მოასწრო, შემდეგ კი ბურთი ხარიხასაც მოხვდა.

ალავიძის მეორე სეივი

კლასის ჩვენება მასპინძელთა ესპანელ გოლკიპერსაც მოუხდა. ხოსე პერალესმა ძალიან სახიფათო საჯარიმო დარტყმა ჯერ ფლამარიონს აუღო, შემდეგ კი შეცვლაზე შესულ ვლადიმერ დვალიშვილს. 

მასპინძლები ანგარიშში მეორედ მაინც დაწინაურდნენ. შეცვლაზე შესულმა არფანგ დაფემ ბათუმელთა სამი მცველის გარემოცვაში მოახერხა პასის გაკეთება და ლევან კუტალიასაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

2:1 კუტალია (82')

21 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის დინამოა 41 ქულით. 40 ქულა აქვს საბურთალოს, ხოლო ბათუმის დინამოს - 39. 

ეროვნულ ლიგაში წინ დაახლოებით ერთთვიანი პაუზაა, რა პერიოდშიც ოთხი ქართული გუნდი ევროტურნირებში ჩაებმება. თბილისის დინამო ჩემპიონატს 3 აგვისტოს, ლოკომოტივთან დერბით განაახლებს, იქამდე კი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს (11 ივლისს შინ, 18 ივლისს სტუმრად). ბათუმის დინამო ჩემპიონატში მომავალ შეხვედრას 4 აგვისტოს, შინ გორის დილასთან ჩაატარებს.  

ბათუმელი გულშემატკივრები დინამო არენაზე

თბილისის დინამო 2:1 ბათუმის დინამო

გოლი: 1:0 პაპავა (4'), 1:1 ფლამარიონი (26'), 2:1 კუტალია (82'). 

თბილისის დინამო (4-2-3-1): პერალესი - იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე - ნინუა, პაპავა - შულაია (73' დაფე), ქავთარაძე (86' ქარდავა), შენგელია (90+2' კუხიანიძე) - კუტალია.

ბათუმის დინამო (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ჩალაძე - ტეიდი, მამუჩაშვილი (85' ილურიძე) - რამოსი, ფლამირიონი,  მანჯგალაძე (90+2' თევდორაძე) - საბანაძე (46' დვალიშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები