Thumbnail
  • 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს
  • ინგლისელებმა ფეხბურთელის ტრანსფერი 70 მილიონ ევროდ გამოისყიდეს 

მადრიდის ატლეტიკომ თავისი ნახევარმცველის, როდრიგო ერნანდესის მანჩესტერ სიტიში გაყიდვის შესახებ ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა. როგორც ირკვევა, ინგლისელებმა ესპანელებს ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადეს.

"ლა ლიგამ ოთხშაბათს ატლეტიკოს აცნობა, რომ როდრიგო ერნანდესის ნდობით აღჭურვილი პირი და მანჩესტერ სიტის წარმომადგენლები ორგანიზაციის შტაბბინაში მივიდნენ, რათა მოთამაშის კლაუსულა აემოქმედებინათ. მანჩესტერ სიტიმ ფეხბურთელის სახელით პირგასამტეხლო თანხა გადაიხადა. ამრიგად, მოთამაშემ ცალმხრივად გაწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ჩვენს კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა", - ნათქვამია ატლეტიკოს განცხადებაში.

როდრის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უკვე შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული

ცნობილია, რომ 23 წლის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის დამატებით სერიოზულად იყო დაინტერესებული მანჩესტერ სიტის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც როდრიგო ერნანდესს სამომავლოდ ფერნანდინიოს შემცვლელად განიხილავს. 

როდრიმ 2018/19 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი. ამას გარდა, მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 8 და ესპანეთის თასზე გამართული 4 შეხვედრაა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი ნახევარმცველის მსურველი მიუნხენის ბაიერნიც იყო, რომელიც ასევე მზად იყო, პირგასამტეხლო თანხა - 70 მილიონი ევრო გადაეხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები