Thumbnail

უიმბლდონი | საოცარი შემოტრიალება - ბასილაშვილმა 5-სეტიანი მარათონი მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

დიდი სლემის წლის მესამე ტურნირში, უიმბლდონის ღია პირველობაზე მე-18 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) ბრიტანელ ჯეიმს ვორდს შეხვდა, რომელიც რეიტინგში მეორე ასეულშია (195). დრამატულ შეხვედრაში ქართველმა პირველი ორი სეტი წააგო, მაგრამ შემდეგ სამი მოიგო და მეორე წრეში გავიდა - 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6. შეხვედრა 3 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა (მხოლოდ სუფთა დრო). 

ნიკამ 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და ამ სეზონში პირველად მოიგო ბალახის კორტებზე. 

მატჩი 3 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა

ეს მატჩი უიმბლდონის მე-17 კორტზე გაიმართა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი პირველივე მოწოდება წააგო, წააგო მან სეტის ბოლო გეიმიც საკუთარ მოწოდებაზე და 2:6 დამარცხდა. მეორე სეტში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა ბოლო გადამწყვეტ გეიმში ნიკამ ისევ დათმო თავისი მოწოდება და 4:6 დამარცხდა.

ნიკამ მესამე სეტშიც დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ იქვე დაიბრუნა ბრეიქი. 5:4-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდება მოიგო და სეტებში სხვაობა შეამცირა.

მეოთხე სეტის პირველივე გეიმი მეტოქის მოწოდებაზე მოიგო და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა - 6:4. 

გადამწყვეტი, მე-5 სეტი იმით დაიწყო, რომ ნიკამ ვორდის მოწოდება მოიგო და დაწინაურდა. 5:4-ზე, როცა ნიკა მატჩზე აწვდიდა, ბრიტანელმა შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება და ანგარიშის გათანაბრება. 6:6-ზე ნიკამ კიდევ ერთი ბრეიქი განახორციელა და ისევ დაწინაურდა. ამჯერად, მან შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა და მომქანცველ მარათონში გამარჯვება - 8:6. 

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მე-2 წრეში ბრიტანელი დანიელ ევანსი (61) იქნება, რომელმაც სამ სეტში იოლად დაამარცხა არგენტინელი ფედერიკო დელბონისი (75) - 6:3, 7:6 (5), 6:3. 

ბასილაშვილმა უიმბლდონის ძირითად ბადეში მეოთხედ ითამაშა. მისი საუკეთესო შედეგიც მე-3 წრეში გასვლაა (2015). 

წლევანდელი უიმბლდონის საპრიზო ფონდი £ 23 500 000-ია.  

კომენტარები

ბოლო ამბები