Thumbnail

RWC 2019 | არგენტინა - ახალგაზრდა გუნდით და დიდი მიზნებით

📋 ანალიტიკური სტატია მომზადებულია ინტერნეტ პორტალთან ერთად რაგბი 15 / Rugby XV.

👥 ავტორები: ლევან ყურაშვილი, სერგო გაბუნია

პოპსპორტი და RUGBY XV ვაგრძელებთ მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების წარდგენას. დღეს სიკვდილის ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილის, სამხრეთამერიკული გრანდის, არგენტინის ჯერია.

ისტორიული პანორამა

არგენტინული რაგბის ისტორია 1910 წლიდან იწყება, როცა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართეს ბრიტანული კუნძულების (ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინამორბედი) წინააღმდეგ და 28-3 დამარცხდნენ. თუმცა, იმ გუნდის ყველა მორაგბე ბრიტანელი ემიგრანტი იყო.

მეორედ ბრიტანული კუნძულების ლომები არგენტინას 1927 წელს ეწვია და მასპინძლები 30 ქულით დაამარცხა. სხვათა შორის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გუნდის ყველა მორაგბე არგენტინაში იყო დაბადებული. 1951 წელს არგენტინამ პირველად უმასპინძლა სამხრეთ ამერიკის რაგბის ჩემპიონატს. ბრაზილიასა და ურუგვაისთან დიდი ანგარიშებით გამარჯვების შემდეგ, პუმებმა ჩილეს 13-3 მოუგეს და პირველი ჩემპიონებიც გახდნენ. არგენტინელებს ტურნირი სულ 34-ჯერ აქვთ მოგებული.

1987 წლიდან მოყოლებული, არგენტინას ყველა მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები, თუმცა განსაკუთრებული წარმატებას 2000-იანებში მიაღწია. 2007 წელს, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე, არგენტინელებმა ჯერ მასპინძელ ფრანგებს ჯგუფში მოუგეს და პირველი ადგილი დაიკავეს, შემდეგ კი, მეოთხედფინალში შოტლანდიაც არ დაინდეს. ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ, თუმცა მესამე ადგილისთვის მატჩში ისევ ფრანგებს შეხვდნენ და მეორედაც მოუგეს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს გუნდი სამხრეთამერიკელთა ოქროს თაობა იყო, რომლის შემადგენლობაშიც ისეთი მორაგბეები ირიცხებოდნენ, როგორებიც იყვნენ: აგუსტინ პიშო, ხუან მარტინ ერნანდესი, ძმები კონტეპომები, ფერნანდეს ლოვე, მარკოს აიერზა, მარიო ლედესმა და სხვები.

ეს იყო არგენტინული რაგბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რომლის გამეორებასთან ახლოს გასულ მსოფლიო თასზე იყვნენ. არგენტინელებმა ისევ ირლანდიელთა გავლით მოახერხეს ნახევარფინალში გასვლა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ავსტრალიასთან 29-15 დამარცხდნენ, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი სამხრეთ აფრიკასთან, 24-13 დათმეს. 2012 წლიდან პუმები სამხრეთულ 4 ერშიც ჩაერთვნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნიან. 7 სეზონიდან ერთადერთხელ მოახერხეს ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევა, გაასწრეს რა სამხრეთ აფრიკას და მესამე ადგილი დაიკავეს.

პუმები

არგენტინელთა ლოგოზე გამოსახული ცხოველი იაგუარია, თუმცა გუნდის ზედმეტსახელი პუმებია. საქმე იმაშია, რომ 1965 წელს სამხრეთ ამერიკელებმა როდეზიასა და სამხრეთ აფრიკაში ტურნე მოაწყეს, რადგან აფრიკის კონტინენტზე ეს მტაცებელი არ ბინადრობს,  ადგილობრივ ჟურნალისტს იაგუარი პუმაში აერია და აქედან მოყოლებული არგენტინელებს ეს თიკუნი შერჩათ.

2016 წლიდან იაგუარი სარაგბო სამყაროში ტერმინად მაინც დამკვიდრდა, როცა არგენტინული ფრანჩიზა ხაგუარესი სამხრეთულ სუპერ რაგბის გათამაშებაში ჩაერთო.

საკლუბო რაგბი

არგენტინაში ორი მთავარი საკლუბო ტურნირია - არგენტინის რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული `ნასიონალ დე კლუბეს` ( 8 გუნდი ბუენოს აირესიდან და 8 გუნდი დანარჩენი არგენტინიდან) და ბუენოს აირესის რაგბის კავშირის მიერ ორგნიზებული `ურბა ტოპ 12` ( მხოლოდ ერთი კლუბი როსარიოდან). ბუენოს აირესი არგენტინული რაგბის მექაა და მათი ჩემპიონატი ქვეყნის ჩემპიონატზე პრესტიჟულიც კია. ტურნირის მთავარი მშვენება კი ორი ლეგენდარული კლუბის, ბუენოს აირესის გარეუბან სან ისიდროს `კასი`-ის და `სიკ`-ის დერბია.

ორივე ჩემპიონატი სანახაობრივ და სწრაფ რაგბზეა ორიენტირებული. რამდენიმე წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შერკინებაში 5 მეტრიანის გარეთ მიწოლა აკრძალეს და ამან კვალი ტრადიციულად ძლიერი არგენტინელი ბურჯების დონესაც დაატყო. მომავალი წლიდან, არგენტინის რაგბის კავშირი ამ წესის გაუქმებას აპირებს.

2016 წელს არგენტინული ფრანჩიზა ხაგუარესი ყველაზე ძლიერ საკლუბო ტურნირს, სუპერ რაგბს დაემატა და იაპონური სანვულვზისგან განსხვავებით, წარმატებითაც. გუნდი ყოველწლიურად აუმჯობესებდა შედეგებს, წელს კი სენსაცია მოახდინეს და შაბათ დილით, ბუენოს აირესში, ავსტრალიური ბრამბიზის 39-7 განადგურებით ფინალში გავიდნენ. იაგუარები იგივე არგენტინის ნაკრებია და წლევანდლამდე ნაკრებში მორაგბეებს მხოლოდ სამშობლოდან ეძახდნენ. ამ შეზღუდვის გამო პუმებს რიგ პოზიციებზე პრობლემები შეექმნათ და მსოფლიო თასისთვის რამდენიმე გამონაკლისი დაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ლეგიონერები სახელებით,  იაგუარებში დარჩენილებს ნამდვილად  არ ჩამოუვარდებიან. მსოფლიო თასის მერე ხაგუარესს ევროპაში წამსვლელი რამდენიმე ვარსკვლავი დატოვებს და გუნდი აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს.

სათამაშო სტილი

ამ ათწლეულს თუ არ ჩავთვლით, პუმების მთავარი იარაღი ყოველთვის ძალიან ძლიერი შერკინება და არანაკლებ ძლიერი ათი ნომრები იყო. 2010-იანების დასაწყისში, დანიელ ურკადემ აქცენტი ხელით ბურთაობაზე გააკეთა და თავიდან შედეგებიც კარგი იყო. თუმცა, 2015 წლის მსოფლიო თასის მერე, ურკადე და მისი გუნდი ჩიხში შევიდა. ცუდი შედეგების ფონზე, მოთამაშეებს და მწვრთნელს ურთიერთობაც დაეძაბათ და ერთი წლის წინ, ნაკრებში მარიო ლედესმა მივიდა. ლედესმამ აქცენტი შერკინების მოძლიერებაზე გააკეთა.

კორდეროს ლელო ინგლისთან

დღეს გუნდი ბევრად ძლიერია კონტაქტში, დომინანტ ბოჭვებსა და შერკინებაში მიწოლაში. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ბიჭებს ასაკი და ჯანიც მოემატათ. ასევე, ლედესმას უარი არც ურკადეს მიერ დამკვიდრებულ ხელით ლამაზ თამაშზე უთქვამს. თითქმის ყველა პუმას ძალიან კარგი ხელის ტექნიკა აქვს. ამ თვისების ხარჯზე, მოკლე პასებით თანაგუნდელის ინტერვალში შეყვანას ხშირად ახერხებენ და რაქსაც ძალიან სწრაფად ასუფთავებენ. წარმატებით იყენებენ სწრაფ, ტექნიკურ და ჭკვიან ფრთის მოთამაშეებსაც. არგენტინელების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი მათი მებრძოლი ხასიათია. პუმები ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდია და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, არასოდეს ნებდებიან.

საკვანძო მოთამაშეები

ავგუსტინ კრივი -  მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კვაჭია. ტექნიკური და მოძრავია, ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია. ძალიან კარგია ბრეიქდაუნზე და შანსი თუ მიეცა, აუცილებლად გამოიყენებს. იაგუარებთან კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა და კარიერას არგენტინაში დაასრულებს.

პაბლო მატერა - იაგუარებში კაპიტნობა კრივისგან სწორედ მატერამ გადაიბარა. არგენტინელების შერკინების მთავარი ძალაა.  შემტევი და გამქცევი მესამეხაზელია. რთულ სიტუაციებში შეუძლია მეტოქის დაცვის გარღვევა. მდიდარი ევროპული კლუბების შეთავაზებებს ვეღარ გაუძლო და მსოფლიო თასის მერე სტად ფრანსეში გადადის.

ნიკო სანჩესი - ფაქტიურად პუმების შეუცვლელი ათია. მიუხედავად იმისა,  რომ ევროპაში წავიდა სათამაშოდ, ნაკრებში მაინც დაუძახეს. პატარა ტანისაა და ძალიან სწრაფია,  თვითონ უყვარს შეტევა და ხშირად - წარმატებითაც. კარშიც სტაბილური დამრტყმელია.

ფაკუნდო ისა - უნიჭიერესი მორაგბე, რომელიც ტრავმებმა გატანჯა და შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ მისცა. სისწრაფესთან ერთად, ძალიან ძლიერია როგორც კონტაქტში, ასევე ტექნიკურად. მამუკა გორგოძის თანაგუნდელია და ტულონის ერთ–ერთი ლიდერი. იმ იშვიათი მორაგბეების სიაშია, ნაკრებში ევროპიდან რომ დაუძახეს.

რამირო მოიანო - სწრაფი, ფინტის მოყვარული და ძალიან ჭკვიანი ფრთაა. კარგი სალელოვე ალღო აქვს და ხშირად ძალიან ლამაზ ლელოებს დებს. ერთი ასეთი ლელო ჩვენც დაგვიდო 2017 წელს.

მატიას ორლანდო - ძალიან სტაბილური და საიმედო შუამარბია. შეცდომებს თითქმის არ უშვებს და განსაკუთრებით საიმედო დაცვაშია.

სამწვრთნელო შტაბი

2015 მსოფლიოს მერე არგენტინელებს აშკარა ჩავარდნა ჰქონდათ, გარდა ცუდი შედეგებისა, მორაგბეებს დანიელ ურკადესთან ურთიერთობა ძალიან დაეძაბათ. შარშან ზაფხულში ნაკრებში ლეგენდარული მარიო ლედესმა მიიწვიეს, რომელიც იმ მომენტში იაგურებს წარმატებით წვრთნიდა. ლედესმას ნაკრებში არგენტინელთა კიდევ ერთი ლეგენდა და იაგუარების მწვრთნელი, გონსალო კესადა ეხმარება. არგენტინამდე ლედესმა ავსტრალიის შერკინების მწვრთნელადაც მუშაობდა და თავისი ხელი მათ ნაკრებსაც დაატყო.

გზა მსოფლიო თასზე

არგენტინელები მსოფლიო თასზე სიკვდილის ჯფუფში მოხვდნენ. ძალიან ძლიერ ინგლისთან თუ აუტსაიდერებად ითვლებიან, კრიზისში მყოფ ფრანგებთან, შეიძლება ითქვას, რომ ფავორიტები არიან. ნაკრებში კარგი განწობაა, წელს იაგუარები საუკეთესო სეზონს ატარებენ და გუნდი სიღრმეებს რამდენიმე ევროპელი ლეგიონერითაც შეავსებს. ტონგასთან და ამერიკასთან კი არგენტინელები აშკარა ფავორიტები იქნებიან.

საქართველოს წინააღმდეგ

ტიერ 1–ის ქვეყნებიდან, საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტჯერ სწორედ პუმების წინააღმდეგ უთამაშია. 

ზედიზედ 3 მსოფლიო თასზე, არგენტინასთან ერთ ჯგუფში მოვხვდით. სამივე თამაშში მეტოქეს პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ (2011 წელს 7:5 მოვიგეთ), თუმცა მეორე ტაიმში ყოველთვის უშანსოდ დავმარცხდით. 

ასევე უშანსოდ წავაგეთ 2 ტესტი არგენტინაში. 2012 და 2017 წელს.  თუმცა, სამჯერ გვყავს დამარცხებული არგენტინის ა ნაკრები და თბილისის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, პატარა პუმებსაც მოვუგეთ.

ჩვენი პროგნოზი

არგენტინელების ჯგუფიდან გასვლის შანსებს 60%-ით შევაფასებდით.  თუ პუმებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეძლეს, მეოთხედფინალში D ჯუფიდან უძლეველი მეტოქე ნამდვილად არ შეხვდებათ და საკმაოდ კარგი შანსი ექნებათ, რომ ნახევარფინალი ითამაშონ. 

ამ ეტაპზე კი ეს არგენტინელებისთვის მაქსიმუმი ჩანს. თუმცა, მათი ხასიათიდან გამომდინარე, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ პუმები იაპონიაში მსოფლიო თასის მოსაგებად ჩავლენ და ამ მიზნის მისაღწევად არაფერს დაიშურებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები