Thumbnail
  • 3 ივლისი | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო თბილისი V დინამო ბათუმი
  • ბათუმელები 21-ე ტურის ცენტრალური მატჩისთვის ემზადებიან

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება, სადაც თბილისის დინამო ბათუმის დინამოს უმასპინძლებს. გარდა იმისა, რომ ისტორიული მეტოქეების დაპირისპირებას ვიხილავთ, მატჩს დიდი სატურნირო ინტრიგა აქვს. ბათუმური გუნდი 39 ქულით საბურთალოსთან ერთად ლიდერობს ჩემპიონატს, თბილისის დინამო კი მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება კონკურენტებს და მესამე პოზიციაზეა.

ბათუმის დინამო თბილისში 3 ქულისთვის იბრძოლებს, რაზეც როგორც მწვრთნელის, ისე ფეხბურთელების კომენტარები მეტყველებს.

გია გეგუჩაძე (ბათუმის დინამოს მწვრთნელი)

“ორივე დინამოს ისტორია უმაგრებს ზურგს და პრინციპული თამაშია. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვამკვიდრებთ აზრს, რომ ნებისმიერ თამაშზე საჭიროა გასვლა და ბოლომდე ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე. დაგვემატნენ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც აქამდეც იცნობდნენ ბათუმის დინამოს სხვა მოთამაშეებს, რადგან სხვადასხვა გუნდებში ერთად ჰქონდათ ნათამაშები. ასე რომ, ამ მხრივ, პრობლემას ვერ ვხედავ. შეთამაშება საჭიროა, თუმცა ვარჯიშის დროს არავითარი დაბრკოლება არ გვაქვს. ვემზადებით მატჩისთვის და გამარჯვების სურვილი გვაქვს”.

მიხეილ ალავიძე (ბათუმის დინამო)

“ძალიან რთული თამაში გველოდება. სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და საბრძოლო განწყობა გვაქვს. თან, თბილისის დინამო კარგ ფორმაშია, ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ”.

ნიკოლოზ საბანაძე (ბათუმის დინამო)

“სატურნირო ცხრილში ერთი ქულაა სხვაობა და პრინციპული თამაში გვექნება. ბოლო მატჩებში მოუმატეს, ზედიზედ 6 თამაში მოიგეს და მძიმე ბრძოლა გველოდება. გუნდში ძალიან კარგი, საბრძოლო გარემოა და ვეცდებით, რომ 3 ქულით წამოვიდეთ თბილისიდან”. 

ტაქტიკა და შემადგენლობა

დიდი ალბათობით, გია გეგუჩაძე 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შესაბამისად, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი ნიკა საბანაძე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლადო დვალიშვილი თადარიგში დარჩება.

ტორპედოსთან შეხვედრაში დაცვის მარჯვნა ფრთაზე მელიავა თამაშობდა, ცენტრს კი გაგოშიძესთან ერთად ადამაძე ამაგრებდა. დიდი ალბათობით, მელიავას და ადამაძეს სწორედ ქუთაისური გუნდიდან მოყვანილი ფეხბურთელები ჩაანაცვლებენ: მარჯვენა ფრთაზე ლევან გეგეჭკორი ითამაშებს, ხოლო ცენტრში მამუკა კობახიძე. კითხვის ნიშნის ქვეშაა გიორგი ნავალოვსკის თამაში, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აქვს. თუ ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება, მას ლაშა ჩალაძე შეცვლის. აქვე აღვნიშნოთ, რომ ტრავმის გამო საეჭვოა გიორგი ჯანელიძის თამაშიც.

სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა და ბათუმის დინამო ოთხი შემტევით გავა მოედანზე: სიღრმიდან გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი და გიული მანჯგალაძე იმოქმედებენ, გამოკვეთილი ფორვარდი კი ნიკა საბანაძე იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ სავარაუდო შემადგენლობაა და შესაძლოა, იგივე მანჯგალაძის ნაცვლად, სასტარტო თერთმეტეულში ვაკო თევდორაძე ვიხილოთ.

ბათუმის დინამოს სავარაუდო შემადგენლობა:
ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი (ჩალაძე) - ტეიდი, მამუჩაშვილი - რამოსი, ფლამარიონი, მაჯგალაძე - საბანაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები