Thumbnail

GGI Gathering - ქართველი გეიმ დეველოპერები და მათ მიერ შექმნილი ვიდეო თამაშები

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • GGI Gathering მეოთხედ გაიმართა
  • ქართველმა დეველოპერებმა ოთხი პროექტი წარმოადგინეს

თანამედროვე ვიდეო თამაშების შექმნას დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება. სწორედ ამ მიზეზით, ბოლო წლებში ​გეიმინგ ინდუსტრიაშიც კორპორაციები ბატონობენ და მომხმარებელიც სწორედ მათ შექმნილ პროდუქციას ითვისებს. მიუხედავად ამისა, წლევანდელმა E3-მ ყველას აჩვენა, რომ სრულყოფილი თამაშების შექმნის პოტენციალი ე.წ „ინდიდეველოპერებსაც აქვთ, რომლებსაც მართალია შეზღუდული რესურსები აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ საკუთარ ქმნილებას საოცარი ყურადღებით და სიყვარულით უდგებიან. შესაბამისად, გეიმერები მათ თამაშებში ისეთ დეტალებს და ეპიზოდებს აწყდებიან, როგორებიც აქამდე არ უნახავთ, ან უბრალოდ მოენატრათ.

ვიდეო თამაშების დეველოპერები საქართველოშიც არსებობენ და არაერთ საინტერესო პროექტზე მუშაობენ. სწორედ ამ სფეროთი დაინტერესებული პირები შეიკრიბნენ „კამორა ბეისმენთში“, სადაც ღონისძიება სახელად - Georgian Game Industry Gathering #4 გაიმართა, რომელზეც შეკრების ერთი წლის იუბილეც აღინიშნა.

GGI Gathering-ის მთავარი მიზანი ქვეყანაში მოღვაწე თამაშების დეველოპერების დაკავშირება, ქსელის გაზრდა და თამაშების ინდუსტრიის პოპულარიზაციაა. პროფესიონალი დეველოპერები და უბრალოდ თემით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში ხვდებიან, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და იმ პროექტებს წარმოადგენენ, რომლებზეც მუშაობენ.

28 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე ასეთი სულ ოთხი იყო - ე.წ. 'დანჯენ ქრაულერი' სახელად Bolt Storm (Kuality Games), მობაილ 'შუთერი' - Gang Battle Arena (Storm Bringer Studios), თამაში ავტომოყვარულებისთვის - Drift King (გიორგი აბელაშვილი) და 'სარვაივალი' - Escape From Katharinenfeld, რომელსაც ორი ადამიანი, რაფაელ სერობიანი და ლუკა გაბრიელაშვილი ქმნის.

მიუხედავად რესურსების სიმწირისა, აშკარად ჩანს, რომ პრაქტიკულად ყველა ქართველი დეველოპერი ცდილობს გეიმერთათვის უკვე კარგად ნაცნობ ჟანრებში ახალი სიტყვა თქვას და პროდუქტს ისეთი დეტალები დაუმატოს, რაც მას ინოვაციურობას შემატებს. რა თქმა უნდა, იქამდე, სანამ ქართული ვიდეო თამაშები საერთაშორისო ბაზარს დაიპყრობს დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ამ სფეროს ერთი დიდი პლუსი აქვს - გეიმერს არ აინტერებს, თუ სად შეიქმნა მისი საყვარელი თამაში, რადგან მთავარი ხარისხი და ის სიამოვნებაა, რომელსაც მისგან მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები