Thumbnail
  • კორი გაუფმა უიმბლდონის ისტორია დაწერა
  • 15 წლის თინეიჯერმა 24 წლით უფროსი ვენუს უილიამსი დაამარცხა
  • პირველივე წრეში წააგო მეორე ჩოგანმა ნაომი ოასაკამაც

ვენუს უილიამსს უიმბლდონი უკვე ორჯერ ჰქონდა მოგებული, როცა კორი გაუფი ჯერ დაბადებულიც არ იყო! ახლა კი, 15 წლის ამერიკელმა, რომელიც რეიტინგში 313-ე ადგილზეა, უიმბლდონის ღია პირველობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მოახდინა.

15 წლის გაუფმა ფაქტობრივად ისტორია დაწერა: უიმბლდონის პირველ წრეში მან 24 წლით უფროსი ვენუს უილიამსი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა!

“ძალიან ვნერვიულობ, რადგან ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს ვეთამაშები,’ - ამბობდა 313-ე ჩოგანი მატჩის წინ, მაგრამ ვენუსთან დუელში, რომელიც საათი და 20 წუთი გაგრძელდა, ამერიკელ თინეიჯერს ნერვიულობა არ ეტყობოდა. უიმბლდონის ხუთგზის გამარჯვებულმა არაერთი მარტივი შეცდომა დაუშვა. ვენუსმა ბოლოს სამი მატჩპოინტის მოგერიება შეძლო, მეოთხე მატჩპოინტმა კი გაუფის სენსაცია სრულყო.

“სერენა და ვენუსი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითები იყვნენ. სწორედ მათ გამო დავიწყე ჩოგბურთის თამაში,” - ესეც გაუფის სიტყვებია.

უილიამსმა, რომელიც 1997 წელს დებიუტის შემდეგ, უიმბლდონის პირველ წრეში მხოლოდ მეორედ დამარცხდა, მატჩის შემდეგ თინეიჯერი მეტოქე შეაქო: “მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა!”

“მგონია, რომ სიზმარში ვარ. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ვენუს უილიამსის დამარცხებას შევძლებდი,” - ცრემლებს ვერ იკავებდა თამაშის შემდეგ გაუფი.

ოსაკაც პირველ წრეში დამარცხდა!

მსოფლიოს მეორე ჩოგან ნაომი ოსაკას უიმბლდონზე მესამე წრეში გასვლაზე უკეთესი შედეგი არასდროს ჰქონია და იმედოვნებდა, რომ ამ არასასიამოვნო ტრადიციას ამჯერად მაინც დაარღვევდა, მაგრამ 21 წლის იაპონელისთვის ტურნირი ყაზახეთის სახელით მოთამაშე რუსთან, იულია პუტინცევასთან მარცხით (6:7, 2:6) დასრულდა. ოსაკა პირველი ქალი ჩოგბურთელია 2001 წლის შემდეგ, რომელიც პირველ ან მეორე ნომრად განთესილის რანგში პირველივე წრეში დამარცხდა. 39-ე ჩოგანი პუტინცევა უიმბლდონზე 5-ჯერ მონაწილეობდა და მისი საუკეთესო შედეგი აქამდე მეორე წრეში გასვლა იყო.

პირველივე წრეში დამარცხდა მარკეტა ვონდროუშოვაც, რომელიც გრუნტის სპეციალისტია. ჩეხმა ამერიკელ მედისონ ბრენგლთან 4:6, 4:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები