Thumbnail
  • რატომ დატოვა 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მოსკოვის ლოკომოტივი
  • კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ სულ მალე ყაზანის რუბინი გამოაცხადებს
  • დიდი ალბათობით, რუბინი მომავალ სეზონში სამი ქართველით შეუტევს

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მოსკოვის ლოკომოტივიდან მოულოდნელად წამოსული ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ყაზანის რუბინში გააგრძელებს. ცნობილი პორტალის, Transfermarkt-ის ცნობით, კლუბსა და 18 წლის ქართველ ნახევარმცველს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სულ მალე ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ საბა კვერკველიასთან ერთად 6 თვე გაატარა

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც კონტრაქტი რუსთავთან აკავშირებდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით გაატარა. ხვიჩამ "რკინიგზელების" შემადგენლობაში, სადაც საბა კვერკველიაც გამოდის, რუსეთის პრემიერლიგის 7 მატჩში ითამაშა და ერთი გოლითაც გამოირჩა. საბოლოოდ, კვერკველიას და კვარაცხელიას გუნდმა რუსეთის თასი მოიგო და ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით აღტაცებას არ მალავდა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი იური სიომინი და იყო მოლოდინი, რომ ხვიჩა ამ კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტსაც გააფორმებდა. მაგრამ 30 ივნისს საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიამ ლოკომოტივი დატოვა. დაიწერა, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი რუსთავთანაც გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. 

იური სიომინმა აღიარა, რომ ხვიჩას წასვლის გამო იტირა

მოგვიანებით ქართველმა ფეხბურთელმა ლოკომოტივიდან წასვლის მიზეზებზე ინსტაგრამზე დაწერა:

"პირველ რიგში, მადლობა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. ეს ჩემთვის საუკეთესო ექვსი თვე იყო. გავიზარდე არამხოლოდ როგორც ფეხბურთელი, ადამიანიც. უდიდესი მადლობა იური პალიჩს (სიომინი) იმისთვის, რომ მომცა ისეთ კლუბში თამაშის შესაძლებლობა, როგორიც ლოკომოტივია. მადლობა მწვრთნელის თანაშემწეებს, რომლებიც ყოველთვის სამართლიანად მიმითითებდნენ შეცდომებზე. ეს, როგორც ფეხბურთელს, განვითარებაში დამეხმარა. მადლობა ყველაფრისთვის.

რაც შეეხება გუნდიდან ჩემს წასვლას, ეს დაგეგმილი არ იყო. ვიცოდი, რომ მომავალი სეზონი ამ გუნდში უნდა გამეტარებინა და ეს ძალიან მახარებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ამაში ბრალი ჩემს აგენტს არ მიუძღვის", - წერს ხვიჩა.

ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე კომენტარი ლოკომოტივის გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემაც გააკეთა: 

"მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივ კონტრაქტზე ვიყავით შეთანხმებული, მოთამაშის აგენტებმა საბოლოოდ მისი სხვა კლუბში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ ვერ შევძელით ისეთივე ფინანსური წინადადების შეთავაზება, როგორიც მათ ბოლო ორ დღეში სხვა კლუბისგან მიიღეს. ის წინადადება ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი იყო".

ყაზანის რუბინმა რუსეთის პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. გუნდის თავკაცის თანამდებობა ყურბან ბერდიევმა დატოვა, დროებით მწვრთნელად კი რომან შარონოვი დაინიშნა.

ახლახან რუბინთან 3-წლიანი კონტრაქტი 18 წლის ზურიკო დავითაშვილმა გააფორმა, კვარაცხელიასთან ერთად კი ამ გუნდში 21 წლის ბექა მიქელთაძის ჩარიცხვაც იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები