Thumbnail

ხუთჯერ მეტი ხელფასი იუნაიტედში - რაშფორდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედში 2023 წლამდე დარჩება
  • 21 წლის ფორვარდი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა

მანჩესტერ იუნაიტედმა მარკუს რაშფორდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის თავდამსხმელის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს ეწურებოდა, რაც სპეკულაციების მიზეზი გახდა, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი, რაშფორდი იუნაიტედში მინიმუმ 2023 წლამდე დარჩება.

“7 წლის ასაკიდან მანჩესტერ იუნაიტედი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერია. ამ გუნდმა გამზარდა როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი. იუნაიტედის ფორმის ტარება ჩემთვის ყოველთვის პრივილეგიაა,” - განაცხადა რაშფორდმა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ფორვარდი ახალი კონტრაქტით კვირაში დაახლოებით 250 000 ფუნტს (280 000 ევრო) მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მარკუსი პოლ პოგბასთან ერთად, კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. ამაზე მაღალი ხელფასი მხოლოდ ალექსის სანჩესს აქვს (კვირაში 400 000 ფუნტი ბონუსების გარეშე). რაშფორდი აქამდე კვირაში 45 000 ფუნტს იღებდა. გამოდის, რომ მას ხელფასი 5,5-ჯერ გაეზარდა!

ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რაშფორდთან დაკავშირებით ყველა სპეკულაცია ისტორიას ჩაბარდა. როგორც იცით, მის ბედს მედია ბარსელონას და მადრიდის რეალს უკავშირებდა.

მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის აღზრდილია. პირველ გუნდში მისი დებიუტი 18 წლის ასაკში, 2016 წელს შედგა. სამი წლის შემდეგ, რაშფორდს 170 ოფიციალურ მატჩში 45 გოლი აქვს გატანილი. ინგლისის ნაკრებში ის ევრო 2016-ის განაცხადშიც იყო და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც იასპარეზა.

კომენტარები

ბოლო ამბები