Thumbnail
  • ახალი რეიტინგი ევროპული თამაშების შემდეგ
  • ქართველები ისევ ლიდერთა შორის

მინსკის ევროპული ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რომელიც ძიუდოისტებისთვის ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებდა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) რეიტინგ-ლისტები განაახლა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონები გახდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილი; ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო 4-მა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი აიღო - ამირან პაპინაშვილმა, ლუკა მაისურაძემ, ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა. 

საერთო ჩათვლაში ვაჟ ძიუდოისტთა შორის ისევ პირველი ნომერია ვარლამ ლიპარტელიანი - 7637 ქულა. მეორე ადგილზეა გურამ თუშიშვილი - 7231 ქულა. მესამეც ქართველია, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი - 6967 ქულა. 

თუშიშვილმა მინსკში ევროპული თამაშებიც მოიგო და ევროპის ჩემპიონატიც

60 კგ

მინსკში ბრინჯაოს პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა იაპონელ ნაგაიამას გადაუსწრო და რობერტ მშვიდობაძის (რუსეთი) შემდეგ წონაში მეორეა 5551 ქულით. ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონი გახდა და 3505 ქულით ათეულში შევიდა, წინ 2 საფეხურით წაიწია და ახლა მე-9-ზეა. 

66 კგ

ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ის კვლავ პირველია წონაში - 5645 ქულა. ის ორ იაპონელს, მარუიამასა და აბეს უსწრებს. 

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი აიღო ბაგრატ ნინიაშვილმაც. ახალგაზრდა ჯუდოკა ახლა 2195 ქულით 22-ე პოზიციაზეა (+5). 

73 კგ

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპულ თამაშებზე მედალი ვერ მოიპოვა - ის 5603 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება წონაში. 

81 კგ

ამ წონაში დიდი კრიზისი გვაქვს, 20-ეულშიც კი არავინაა. ასე რომ, ლუკა მაისურაძის წარმატება განსაკუთრებით გვახარებს. ლუკამ მინსკში ბრინჯაო მოიპოვა და 1956 ქულით წონაში უკვე 24-ეა (+4). 

90 კგ

წარუმატებლად იასპარეზა მინსკში ბექა ღვინიაშვილმა, მაგრამ ერთი საფეხურით წინ მაინც წაიწია - 3193 ქულით წონაში მე-13 პოზიციაზეა. უშანგი მარგიანი 2514 ქულით მე-20-ეა. 

100 კგ

ლიპარტელიანი უახლოეს კონკურენტს 2 ათასზე მეტი ქულით უსწრებს. 50-ეულში კიდევ ორი ქართველია - ონისე სანებლიძე (42) და ლაშა ტაველური (48).

100+ კგ

თუშიშვილი ლუკაშ კრპალეკს (ჩეხეთი), რომელიც მე-2 პოზიციაზეა 2,5 ათასი ქულით უსწრებს! ლევან მატიაშვილი 26-ე პოზიციაზეა, ხოლო გელა ზაალიშვილი - 27-ზე.  

კომენტარები

ბოლო ამბები