Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა მომავალზე ისაუბრა
  • იოახიმ ლიოვის აზრით, მის პოსტზე ორი ღირსეული კანდიდატია

3 წლის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა შეიცვალოს. დღევანდელი მდგომარეობით, 59 წლის იოახიმ ლიოვი ბუნდესმწვრთნელის თანამდებობას სწორედ 2022 წლის მუნდიალის შემდეგ დატოვებს.

იოახიმ ლიოვს DFB-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთთან მარცხის (1:2) შემდეგ, ბევრმა გამოცემამ, გერმანიის U21 ნაკრების დამრიგებელი შტეფან კუნტცი ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა. ფაქტია, რომ 56 წლის კუნტცის ხელში გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პროგრესი განიცადა - 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ახლა კი ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში. ლოგიკურია, რომ კუნტცს გერმანიაში უკვე მოიაზრებენ ლიოვის შემცვლელად. მას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს - ჟურნალისტების კითხვებს არგუმენტირებულად იგერიებს, ბუნდესგუნდს იოახიმ ლიოვის სახით მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ამ თემაზე საუბარი არაკორექტულიაო. შესაბამისად, ჟურნალისტებმა პირდაპირ ლიოვს მიმართეს.

‘ბილდის’ კითხვაზე, აქვს თუ არა კუნტცს ბუნდესმწვრთნელობის პოტენციალი, ლიოვმა ასე უპასუხა: “რა თქმა უნდა, აბსოლუტურად! ამ 3 წლის განმავლობაში შტეფანმა უდიდესი სამუშაო შეასრულა. მისი გუნდი პროგრესირებს, ორჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ფეხბურთელები, რომლებიც ჩემთან მისი გუნდიდან მოდიან, ყოველთვის კარგად არიან მომზადებულები.”

შტეფან კუნტცი გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია

შტეფან კუნტცის გარდა, ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კიდევ ერთ მწვრთნელს მოიაზრებს: “გერმანიის საფეხბურთო კავშირში ახლა ორი სპეციალისტი გვყავს, რომლებსაც ეროვნული გუნდის გაწვრთნა შეუძლიათ: კუნტცი და მარკუს ზორგი. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ, დროებით შემცვალა, დიდი ხანია, DFB-ში წარმატებით მუშაობს და ისიც უაღრესად კომპეტენტურია. ცხადია, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში გერმანიის ნაკრებს, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივეს ვუწევ რეკომენდაციას. ორივე ბრწყინვალე სპეციალისტია.”

შტეფან კუნტცი, იოახიმ ლიოვი და მარკუს ზორგი

საფეხბურთო გერმანიაში ბევრს მიაჩნია, რომ ლიოვის შემდეგ, გერმანიის ნაკრები იურგენ კლოპმა უნდა ჩაიბაროს, მაგრამ იოგის ლივერპულის მწვრთნელის სახელი არც კი წამოცდა. გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი კი ამბობს: “ვხედავთ, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირში კარგი მწვრთნელები გვყავს. მარკუს ზორგმა ლიოვი შესანიშნავად შეცვალა, როცა იოგი ავად იყო. შტეფან კუნტცს საერთაშორისო გამოცდილება აქვს. თუმცა ახლა ამ თემაზე სერიოზულად არ ვფიქრობ. მიმაჩნია თუ არა კუნტცი ლიოვის ღირსეულ შემცვლელად - ამ კითხვას მაშინ ვუპასუხებ, როცა აქტუალური იქნება.”

გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი

საინტერესოა, რომ იურგენ კლოპს, რომელმაც ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დღესდღეობით საუკეთესო გერმანელ მწვრთნელად მიიჩნევა, არც ბირჰოფი ახსენებს. პირიქით, ბირჰოფი ამბობს, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირშივე ჰყავთ კარგი მწვრთნელები. გამოდის, რომ ლიოვს ან კუნტცი შეცვლის, ანაც ზორგი? ფაქტი ის არის, რომ ბუნდესმწვრთნელის თანამდებობისთვის ბრძოლა დაწყებულია...

კომენტარები

ბოლო ამბები