Thumbnail

'ასეთ წარმატებას ველოდი' - ინტერვიუ სამბოს ნაკრების მწვრთნელთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველმა სამბისტებმა მინსკში 11 მედალი მოიპოვეს: 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო
  • სამბოს ნაკრების მწვრთნელმა, ჯონდო მუზაშვილმა popsport.com-ის კითხვებს უპასუხა

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ქართული დელეგაციის აქტივში 30 მედალია: 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ სამბისტებს, რომლებმაც 11 მედალი მოიპოვეს: 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილია, რომელიც 3-გზის მსოფლიო ჩემპიონია სამბოში და როგორც ევროპულმა თამაშებმა აჩვენა, ეროვნულ გუნდშიც დიდი წარმატებით მუშაობს. popsport.com-თან ინტერვიუში ჯონდო მუზაშვილმა ევროპულ თამაშებზე ილაპარაკა...

popsport: ელოდით ასეთ შედეგს?

მუზაშვილი: წინასწარ რთულია დაგეგმო მედლების ზუსტი რაოდენობა, მაგრამ წარმატებულ შედეგს ნამდვილად ველოდი. თითოეულ ქართველ სამბისტს შეეძლო მედლის მოპოვება როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში.

popsport: გაიხსენეთ კონკრეტული ორთაბრძოლები და გაგვიზიარეთ ევროპული თამაშების შთაბეჭდილებები...

მუზაშვილი: რთულია გამოყოფა, როდესაც ყველამ შესანიშნავად იასპარეზა. მაგალითად, ლევან ნახუცრიშვილმა პირველივე ორთაბრძოლა უძლიერეს ბელარუს მეტოქეს მოუგო. ბექა ბერძენიშვილი ფინალში ასევე ბელარუსს, 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონს დაუპირისპირდა. წარმოიდგინეთ, როგორი სტრესია, როდესაც გადამწყვეტი ორთაბრძოლა ასეთ ძლიერ მეტოქესთან გაქვს და გულშემატკივრები შენს საწინააღმდეგოდ არიან განწყობილი. მიუხედავად ამისა, 1.40 წუთში დაამარცხა მეტოქე და ჩემპიონი გახდა. ვახტანგ ჩიდრაშვილმა კიდევ ერთხელ გვასახელა, რაც ასევე გამოსარჩევია. ურთულესია ყოველთვის უმაღლეს დონეზე ასპარეზობა, ჩიდრაშვილი კი ამას ახერხებს. ნინო ოძელაშვილსაც შეეძლო ოქროს მედლის მოპოვება, მაგრამ ტრავმამ შეუშალა ხელი. ძალიან იშვიათად ხდება, რომ რუსეთის ნაკრები სამბოში გუნდურ პირველობას აგებს, ევროპულ თამაშებზე კი ვაჟებში გუნდური პირველი ადგილი სწორედ ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა.

ოქროს მედალი: დავით ლორიაშვილი (100 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (-74 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ)

popsport: ნინო ოძელაშვილს უნდოდა ფინალური ორთაბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ტრავმის გამო, ამის უფლება არ მისცეს. ისიც ითქვა, რომ მსაჯებმა ქართველი სამბისტი დაჩაგრეს....

მუზაშვილი: ნინოს ნამდვილად შეეძლო ჩემპიონობა და ეს იქნებოდა მეხუთე ოქროს მედალი, მაგრამ სამწუხაროდ, ორთაბრძოლის დროს ხელი ამოუვარდა. სამბოს წესებით გათვალისწინებულია, რომ როდესაც ასეთი ფაქტი ხდება და ექიმი ჩაერევა საქმეში, სპორტსმენი ვერ გააგრძელებს ასპარეზობას და მას წაგება უნდა ჩაეთვალოს. ასე რომ, უსამართლობას ადგილი არ ჰქონდა. უსამართლობა ის იყო, რომ ნინოს სპორტულმა იღბალმა ზურგი აქცია.

ჯონდო მუზაშვილი და ნინო ოძელაშვილი
📸 | სამბოს ფედერაციის FB გვერდიდან

popsport: როგორი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში სამბოს ნაკრების ტრიუმფს და ამ შედეგების ფონზე, თუ ელოდებით სახელმწიფო სტრუქტურებიდან უფრო მეტ მხარდაჭერას?

მუზაშვილი: ეს წარმატება ჩვენი სახეობის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელიივანია. ქართველ სამბისტებსაც უკეთ გაიცნობენ გულშემატკივრები და უფრო მეტი ბავშვიც დაიწყებს მომზადებას სამბოში. ყველა გაიგებს, რომ არის ასეთი სახეობა, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი წარმატების მოტანა შეუძლია. სპორტის სამინისტროდან და ოლიმპიური კომიტეტიდან ხელშეწყობა ნამდვილად არ გვაკლდა და სწორედ ამის შედეგია მიღწეული წარმატება. თუ არ გაქვს დაფინანსება და ვერ მიდიხარ შეკრებაზე, რთულია წარმატების მიღწევა.

ვერცხლის მედალი: მინდია ლილუაშვილი (68 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ), ელენე ქებაძე (+80 კგ)

popsport: როგორც ჭიდაობის სხვა სახეობებში, ქართველ სპორტსმენებს სამბოშიც დიდი წარმატებები აქვთ. ხშირად აღნიშნავენ, რომ სამბოში ქართული ჭიდაობის ბევრი ილეთია. რას იტყვით ამ თემაზე?

მუზაშვილი: ჩოხიანი ჭიდაობა ჩვენ გენშია და ამიტომ, ქართველ მოჭიდავეებსაც დიდი წარმატებები აქვთ. მაგალითად, ბექა ბერძენიშვილმა ბოლო ფალავნობა მოიგო, პაატა ღვინიაშვილი კი ორგზის საუკეთესო ფალავანია. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში, იგივე სამბოში, ძიუდოში, ქართველებს დიდი წარმატებები გვაქვს.

popsport: ევროპულმა თამაშებმა გვაჩვენა რომ თუ სამბო ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებში შევა, ამით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მხოლოდ გაძლიერდება. რამდენად რეალურია რომ უახლოეს მომავალში სამბო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში შეიტანონ?

მუზაშვილი: სამბო 80 წელია არსებობს და მთელი ეს პერიოდი ტარდება როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატები. სამბო ოლიმპიური სახეობა1980 წელსაც ვერ გახდა, როდესაც ოლიმპიადა მოსკოვში ჩატარდა, მაგრამ გასულ წელს, საერთაშოროსო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩვენი სახეობა ოფიციალურად აღიარა. ეს შემთხვევით არ ხდება და რაღაც ახლის დასაწყისია. მიდის საუბრები, რომ 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე სამბოში საჩვენებელი ორთაბრძოლები ჩატარდეს, 2024 წლიდან კი იმედი მაქვს რომ ეს სახეობა უკვე სრულფასოვნად იქნება ინტეგრირებული ოლიმპიურ თამაშებში. 

ბრინჯაოს მედალი: გივი ნადარეიშვილი (-52 კგ), გეგა ჩირგაძე (-62 კგ), პაატა ღვინიაშვილი (-90 კგ), ბექა ბერულავა (82 კგ)

popsport: საქართველოს ოლიპიური ნაკრების აქტივში 30 მედალია, რაც ბრწყინვალე შედეგია. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს წარმატება?

მუზაშვილი: გარდა იმისა, რომ ძლიერი სპორტსმენები გვყავს, რომლებიც კარგად იყვნენ მომზადებულნი, ეს წარმატება გუნდური სულისკვეთების და ერთმანეთის მხარდაჭერის შედეგია. თითოეულ ქართველ სპორტსმენს მთელი დელეგაცია გულშემატკივრობდა, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები