Thumbnail

20 წლის ქართველი მეკარე ლა ლიგის გუნდში - ლუკა გუგეშაშვილი დილას დაემშვიდობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ლა ლიგაში აღზევებულ გრანადაში გააგრძელებს
  • 20 წლის მეკარე გორის დილას დაემშვიდობა, რომელშიც იჯარით გამოდიოდა

ფოტო: erovnuliliga.ge

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გააგრძელებს. 20 წლის გოლკიპერი, რომლის სატრანსფერო უფლებებს პოლონური იაგელონია ფლობს და ბოლოს იჯარით გორის დილაში გამოდიოდა, ახალ სეზონში ლა ლიგაში აღზევებული გრანადას ღირსებას დაიცავს. ესპანურმა კლუბმა ახალგაზრდა ქართველი მეკარის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ლუკა გუგეშაშვილი გორის დილას, რომლის ღირსება ამ სეზონის 17 მატჩში დაიცვა, სოციალურ ქსელში დაემშვიდობა:

"გორთან კონტრაქტი ამომეწურა, კარიერას ესპანურ გრანადაში გავაგრძელებ. მადლობა მინდა გადავუხადო გორის დილას, რომ მენდობოდნენ და შანსი მომცეს თავის წარმოჩენის. მადლობა ყველას: სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და გორის დილას გულშემატკივრებს!! ყოველთვის მემახსოვრებით! წინ დიდი გამოწვევებისკენ!!".

გორთან კონტრაქთი ამომეწურა, კარიერას ესპანურ გრანადაში გავაგრძელებ, მადლობა მინდა გადავუხადო გორის დილას რომ მენდობოდნენ...

Posted by Luka Gugeshashvili/ლუკა გუგეშაშვილი on კვირა, 30 ივნისი, 2019

გრანადამ ლა ლიგის საგზური წინას სეზონის შედეგების მიხედვით გაინაღდა, როდესაც ლა ლიგა 2 მეორე ადგილზე დაასრულა. გუნდს დიეგო მარტინესი წვრთნის, მისი ძირითადი მეკარე კი პორტუგალიელი რუი ტიაგოა, რომელმაც გასულ სეზონში გრანადას კარი 40 მატჩში დაიცვა.

ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც საქართველოსთან ერთად რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს, თბილისის დინამოს აკადემიის აღზრდილია, პოლონეთში კი 2016 წელს გადაბარგდა. მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები