Thumbnail

'არ მინდა, რომ დაბრუნდეს' - რას ერჩის ლა ლიგის პრეზიდენტი ნეიმარს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ხავიერ ტებასმა ბარსელონაში ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა
  • ლა ლიგის პრეზიდენტის აზრით, ბრაზილიელი არ არის მისაბაძი ფეხბურთელი

ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნების შესაძლებლობაზე. ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი კი იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება.

ხავიერ ტებასი ლა ლიგის ფასეულობებს უფრთხილდება

ამის მიზეზი ისაა, რომ ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელი პარიზში გატარებული ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოირჩა თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებთან კონფლიქტით. ტებასის აზრით, ნეიმარის დაბრუნების შემთხვევაში, ლა ლიგის იმიჯი დაზარალდება.

მეტი ამ თემაზე: ნერვების თამაში - ნეიმარმა გუნდელები გააკრიტიკა და რენის ფანს ხელი დაარტყა

"არ მინდა, რომ ნეიმარი ლა ლიგაში დაბრუნდეს, რადგან ის არ არის მისაბაძი პიროვნება. შეიძლება კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმ ფასეულობებისთვის, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ იქცევი. ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა ჩვენი ფასეულობები დაგვეცვა და არ გვსურს იმიჯის შეცვლა", - აქვეყნებს ტებასის სიტყვებს ესპანური მედია. 

ცოტა ხნის წინ ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი კორდონერმა დაადასტურა, რომ ნეიმარს სურს ბარსელონაში დაბრუნება. პარიზული კლუბი მზადაა, 27 წლის ბრაზილიელი 130-150 მილიონი ევროს ფარგლებში, გარიგებაში კატალონელთა ორი ფეხბურთელის ჩართვის შემთხვევაში დათმოს. 

ნეიმარი სეზონის მიწურულს რენის ფანატს ფიზიკურად გაუსწორდა

ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა. ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის მაისურით, ყველა ტურნირს 186 მატჩში ითამაშა, გაიტანა 105 გოლი და მიითვალა 76 შედეგიანი პასი. ფორვარდი პარი სენ-ჟერმენში 2017 წელს, მსოფლიო ფეხბურთში სარეკორდო 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ნეიმარს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები