Thumbnail
  • კევინ დურანტი გოლდენ სტეიტ უორიორსს ტოვებს
  • ფინალების ორგზის MVP კარიერას ბრუკლინში გააგრძელებს
  • დურანტმა, მომდევნო სეზონში, შესაძლოა ვერ ითამაშოს
  • ირვინგი და ჯორდანი კევინის თანაგუნდელები გახდებიან

ის, რაც მოსალოდნელი იყო, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია: კევინ დურანტი გოლდენ სტეიტს ტოვებს და ბრუკლინ ნეტსში გადადის! 30 წლის სუპერვარსკვლავმა ეს ინფორმაცია ინსტაგრამზე დაადასტურა.

“კევინ დურანტი ადასტურებს, რომ ბრუკლინ ნეტსთან კონტრაქტს აფორმებს,” - ვკითხულობთ The Boardroom-ის ინსტაგრამის გვერდზე, რომელიც დურანტს და მის ბიზნეს-პარტნიორ რიჩ კლეიმანს ეკუთვნით.

ESPN-ის ინფორმაციით, ფინალების ორგზის MVP ბრუკლინთან 164-მილიონდოლარიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ვადა 4-წლიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტს 12 ივნისს გაუკეთეს ოპერაცია და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა NBA-ს მომდევნო სეზონში თამაშს. დიდია იმის ალბათობა, რომ მას მთელი სეზონი გაუცდეს. კევინმა გოლდენ სტეიტთან ერთად 2017 და 2018 წლებში NBA მოიგო. გასულ სეზონში მისი გუნდი ფინალში ტორონტო რეპტორსთან დამარცხდა და ამ წაგების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ დურანტის ტრავმა იყო.

სტეფ კარისა და კევინ დურანტის ტანდემი დაიშალა

სანამ დურანტი გამოჯანმრთელდება, ბრუკლინის ფანებს NBA-ს კიდევ ორი ვარსკვლავის იმედი ექნებათ. პირველი 27 წლის კაირი ირვინგია, რომელიც ბოსტონ სელტიკსს ტოვებს და კარიერას ასევე ნეტსში გააგრძელებს. მისი კონტრაქტი, ESPN-ის ცნობით, 141-მილიონიანია. გარდა ამისა, ბრუკლინში გადადის ცენტრი დეანდრე ჯორდანიც (30 წლის, 2,11 მეტრი, ნიუ იორკ ნიქსიდან). ESPN წერს, რომ ის 40 მილიონ დოლარს დათანხმდა.

კაირი ირვინგი, კევინ დურანტი და დეანდრე ჯორდანი ბრუკლინში ითამაშებენ

 

კომენტარები

ბოლო ამბები