Thumbnail
  • იჯარიდან დაბრუნებულმა გიორგი ბერიძემ გენტში თავი კარგად წარმოაჩინა
  • ბელგიური მედიის ვარაუდით, ტორუპი 22 წლის ქართველს გუნდში დატოვებს
  • თუ მოლოდინი გამართლდა, მომავალ სეზონში გენტი სამი გიორგით შეუტევს  

დიდი შანსია, მომავალ სეზონში გენტმა ერთბაშად სამი ქართველი ლეგიონერით შეუტიოს. 22 წლის გიორგი ბერიძეს, რომელიც ამ ბელგიურ კლუბს ბოლოს უნგრულ უიპეშტში ჰყავდა განათხოვრებული, სავარაუდოდ, გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გვერდით ვიხილავთ. ასეთ ვარაუდს ბელგიური მედია გამოთქვამს, რომლის ცნობით, ქართველი შემტევი ნახევარმცველი სეზონისთვის მზადების პერიოდში იმდენად კარგად გამოიყურება, რომ გენტის სამწვრთნელო შტაბი მის დატოვებაზე ნამდვილად იფიქრებს.

სავარაუდოდ, ქვილითაიასა და ჩაკვეტაძეს ბერიძეც დაემატება

"სამი გიორგის" თემაზე voetbalkrant.com წერს:

"გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გარდა, გენტში არის კიდევ ერთი გიორგი. საწვრთნელი პერიოდიდან ისე ჩანს, რომ ის მზადაა გენტში დარჩეს. 

გენტმა გიორგი ბერიძე 2015 წლის ზაფხულში, ზესტაფონისგან აიყვანა. იმ დროს ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა. გენტის ახალგაზრდულ გუნდებში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ ის ტრენჩინში გაანათხოვრეს. ახალგაზრდა ქართველმა სლოვაკურ გუნდში წელიწადნახევარი გაატარა და თავი 30 მატჩში გატანილი 9 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

გიორგი ბერიძემ გასული სეზონი უნგრულ უიპეშტში გაატარა

ბერიძე გენტში დაბრუნდა, კარგ ფორმაში იყო და საკონტროლო თამაშებშიც წარმოჩინდა, როგორც სწრაფი და კარგი ინდივიდუალური მოქმედებებით გამორჩეული გარემარბი. მაგრამ ამის მიუხედავად, გენტმა მომდევნო სეზონში მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტა. ამჯერად ბერიე უჟპესტში წავიდა - უნგრეთის უმაღლესი ლიგის გუნდში, სადაც თავის კვალი მალევე დატოვა. ის გუნდში 11 შედეგიანი მოქმედებით (5 გოლი, 6 პასი) გამოირჩა.

გიორგი ბერიძე ახლა ისევ გენტშია, იეს ტორუპის (გენტის მთავარი მწვრთნელი) გუნდში კი ქართველ ტალანტს შანსი ამჯერად ნამდვილად აქვს. სეზონისთვის მოსამზადებელ სამ მატჩში მან უკვე გაიტანა 5 გოლი. ამასთან, მან უკვე ორჯერ მოასწრო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში. ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას შემდეგ, დამკვიდრდება გენტში კიდევ ერთი გიორგი?"

გიორგი ბერიძეს ბელგიურ გენტთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 22 წლის მარცხენა გარემარბს პორტალი transfermarkt 450 ათას ევროდ აფასებს. გიორგის ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული - 2018 წელს, მალტასა და ლუქსემბურგთან.

კომენტარები

ბოლო ამბები