Thumbnail
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - შეჯამება
  • 30 მედალი, მე-7 გუნდური ადგილი
  • საინტერესო ფაქტები მინსკიდან

ევროპის მე-2 ოლიმპიური თამაშები მინსკში დასრულებულია - ამ წუთებში ბელარუსის დედაქალაქში დახურვის ცერემონიალი მიმდინარეობს. 

პირველი ოქრო ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა

ეს ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა საქართველოსთვის - 61-მა სპორტსმენმა ჯამში 30 მედალი მოიპოვა, რაც 2015 წლის პირველი თამაშების, რომელიც ბაქოში გაიმართა, შედეგის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა - აზერბაიჯანში საქართველომ სულ 16 მედალი მოიპოვა.

დედა-შვილის საერთო მედალი - ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი

საინტერესო ფაქტები

🥇🥈🥉 აზერბაიჯანში 2015 წლის თამაშებზე საქართველომ 16 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო და გუნდურში მხოლოდ 21-ე ადგილი დაიკავა.

🥇🥈🥉 მინსკში 2019 წლის თამაშებზე საქართველომ თითქმის ორჯერ მეტი მედალი მოიპოვა - 30. 6 ოქრო, 10 ვერცხლი, 14 ბრინჯაო. 

🥇🥈🥉 ბაქოსთან შედარებით ქართველი ჩემპიონების რიცხვი გასამაგდა!

🥇🥈🥉 ბაქოსთან შედარებით მედლების რიცხვი 1.875-ჯერ მეტია!

🥇🥈🥉 საერთო ჩათვლაში საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, იტალიის, ჰოლანდიისა და გერმანიის შემდეგ.

🥇🥈🥉 მედლების რიცხვით საქართველო მე-5 ადგილზეა. ზემოთ ჩამოთვლილთაგან უსწრებს ჰოლანდიასა (29) და გერმანიას (26). 

🥇🥈🥉 საქართველოს 6-დან 4 ოქრო სამბისტებმა მოუტანეს: ბექა ბერძენიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი და ვახტანგ ჩიდრაშვილი, 2 ოქრო ძიუდოისტების ანგარიშზეა: ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილი.

🥇🥈🥉 10 ვერცხლიდან 3 სამბოს ანგარიშზეა - ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე, მინდლია ლილუაშვილი; 4 ჭიდაობის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, იაკობ ქაჯაია, შმაგი ბოლქვაძე და გივი მაჭარაშვილი; თითო კრივი (სახილ ალახვერდოვი), ძიუდო (ვარლამ ლიპარტელიანი) და ბატუტზე ხტომის (ლუბა გოლოვინა) ანგარიშზეა.

🥇🥈🥉 მოჭიდავეებმა 3 ბრინჯაო მოიპოვეს - ავთანდილ კენჭაძე, დავით ჩხარტიშვილი, ელიზბარ ოდიკაძე; ძიუდოისტებმა 4 - ამირან პაპინაშვილი, ლუკა მაისურაძე, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი; სამბისტი 4 - ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, პაატა ღვინიაშვილი, გენადი ჩირგაძე; თითო ბრინჯაო მოიპოვეს: კარატისტებმა (გოგიტა არქანია), მოკრივეებმა (ოთარ ერანოსიანი) და მსროლელებმა (ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი). 

🥇🥈🥉 საქართველოს სახელით საუკეთესოდ სამბისტებმა იასპარეზეს - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - 11 მედალი. 

🥇🥈🥉 ჭიდაობის სახეობებიდან (თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ რომაული ჭიდაობა, ძიუდო, სამბო) მედლების რიცხვი 25-ს უდრის

🥇🥈🥉 სხვა სახეობებში სულ 5 მედალი გვაქვს, აქედან 2 კრივში, თითო კარატეში, ბატუტზე ხტომასა და სროლაში. 

📋 ყველაფერი მინსკის ევროპულ თამაშებზე

კომენტარები

ბოლო ამბები