Thumbnail

მინსკი 2019 | იაკობ ქაჯაიას ვერცხლი - საქართველომ გამოსვლა დაასრულა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპის ოლიმპიური თამაშები - დასკვნითი, მეათე დღე
  • საქართველომ მინსკში გამოსვლა 30 მედლით დაასრულა
  • იაკობ ქაჯაია ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა

საქართველომ მეორე ევროპულ თამაშებში გამოსვლა 30 მედლით დაასრულა. მინსკში ჩვენი ბოლო მედალი ვერცხლი აღმოჩნდა, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ (-130 კგ) მოიპოვა. ქართველი მძიმეწონოსანი ფინალურ შეხვედრაში ბელარუს კირილ ჰრიშჩანკას დაუპირისპირდა და 1-5 დამარცხდა.

იაკობ ქაჯაიამ მინსკში ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში ლიეტუველი რომას ფრიდრიკასი დაამარცხა (4-0), შემდეგ კი აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათის მოუგო (10-4). ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში ნორვეგიელ ოსკარ მარვიკს შეხვდა და მეტოქეს სუფთა გდებით სძლია (2-0).

იაკობ ქაჯაია ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა მინსკში გამოსვლა ამით დაასრულა. თამაშების ბოლო დღეს საქართველოს კიდევ ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. მანამდე მოკრივე სახილ ალახვერდოვმა (-49) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილმა (-97) ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო.

საქართველოს დელეგაცია თამაშებში 61 სპორტსმენით, 10 სახეობაში გამოვიდა და შესანიშნავი შედეგი აჩვენა - 30 მედალი, საიდანაც 6 ოქროა, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ამ დროისთვის ეს საერთო გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე შედეგია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს.

ბელარუსის დედაქალაქმა მეორე ევროპულ თამაშებს 21-30 ივნისს უმასპინძლა და მასში კონტინენტის 50 ქვეყნის ოთხი ათასამდე სპორტსმენი 15 სახეობაში გამოვიდა. გათამაშდა მედლების 200 კომპლექტი.

📋 ყველაფერი მინსკის ევროპულ თამაშებზე

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თამაშებში, რომელიც ბაქოში გაიმართა, საქართველომ სულ 16 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ამ შედეგით საერთო გუნდურ ჩათვლაში 21-ე ადგილი დაიკავა.

მომავალი, მესამე ევროპული თამაშები 2023 წელს ჩატარდება და მას პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები