Thumbnail

'შესაძლებელია, ქართული საფეხბურთო რუკიდან გავქრეთ' - კოლხეთის განცხადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფოთის კოლხეთი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • გუნდში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა, კლუბი სანქციების მოლოდინშია

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი, ფოთის კოლხეთი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კლუბს მკაცრი სანქციები ემუქრება, რადგანაც ყოფილი მოთამაშისთვის ხელფასის გადახდას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ფოთელებს მძიმე ფინანსური კრიზისი აქვთ და როგორც განცხადებაში წერია, ეს ყველაფერი კლუბის ძველი ხელმძღვანელობის დამსახურებაა.

ფოთელები ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ადგილზე არიან და გაგრას, რომელსაც 21 ქულა აქვს 5 ქულით ჩამორჩებიან. ფოთელები აცხადებენ, რომ კლუბის შენარჩუნება უნდათ და სურთ, რომ კოლხეთი ქართული საფეხბურთო რუკიდან არ გაქრეს.

გთავაზობთ კლუბის განცხადებას უცვლელად

ფოთის კოლხეთი: სამწუხაროდ, საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ ფოთის ,,კოლხეთი 1913'' დღეისთვის უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფება, რადგან გასული სეზონის მეორე ნახევრიდან, რბილად რომ ვთქვათ, გუნდის ხელმძღვანელთა და სპონსორთა არასწორი მენეჯმენტის გამო, მას უამრავი დავალიანება დაუგროვდა,რის გამოც არაერთი სახის მკაცრი სანქციები ემუქრება.

უპირველეს ყოვლისა, უახლოესი 2 დღის განმავლობაში გასასტუმრებელია გასულ სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში მოასპარაზე ბურკინა ფასოელი მცველის, კრისტიან კაბორეს დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო ფიფა (FIFA) აკონტროლებს. გადაუხდელობის შემთხვევაში, 2 ივლისიდან ჩვენს გუნდს წელიწადნახევრის განმავლობაში აეკრძალება საფეხბურთო ტრანსფერების განხორციელება, რაც ბუნებრივია, გუნდზე განსაკუთრებულად უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო ვალი მაინც გადასახდელი დარჩება.

ასევე 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ყოფილი ფეხბურთელის დავალიანება, რომლის არგადაუხდელობის შემთხვევაში გუნდს, სავარაუდოდ, ისევე დააჯარიმებენ, როგორც გასულ სეზონში და 6 ქულას დააკლებენ, რაც დაგვეთანხმებით კატასტროფის ტოლფასია.

დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ იგი მოახერხებს ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის პირველი გუნდი შესაძლებელია გაქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან, რასაც იმედია, ჩვენი ქალაქი არასოდეს დაუშვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები